ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში, 23 ივლისი, 2017. ფოტო: Eana Korbezashvili/Civil.ge
მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს დაახლოებით 2000 აქტივისტი შეიკრიბა 23 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“.
მათ აღმაშენებლის გამზირზე, სადაც 14 ივლისს „ქართველთა მარში“ გაიმართა, მსვლელობა მოაწყვეს. აქციამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების მხრიდან, 2016-2017 წლებში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის მუქარა განხორციელდა.
აქციის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსულმა პროპაგანდამ საქართველოში „საგანგაშო ფორმა“ მიიღო.
„ის, რასაც ვხედავთ, აგრესია, ძალადობა, ნამდვილი ქართული ტრადიციების ფეხ-ქვეშ გათელვა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ქსენოფობია – ეს არის ყველაფერი რუსული პროპაგანდის გამოვლინება და ეს არის ის ყველაფერი, რაც საქართველოს უხურავს ევროპული მომავლის კარს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს, არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოში ქართული ტრადიციების სახელით გაიმარჯვოს იმ რუსულმა პროპაგანდამ, რომელიც სინამდვილეში ებრძვის და ფეხქვეშ თელავს მთავარ ქართულ ტრადიციებს“.
„ქართული საზოგადოების ამოცანაა, რომ იმ დროს როცა ხელისუფლება არაფერს აკეთებს და პირიქით ოცნება კვებავს მოძალადეებს, ასეთ დროს სწორედ საზოგადოებამ უნდა განაცხადოს, რომ ქართველები ვართ ღირსეული ევროპული საზოგადოება“, – დასძინა მან.
ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ერთადერთი იყო, რომელიც აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
„არ იქნება საქართველოში ძალადობა! არ იქნება საქართველოში ფაშიზმი, როგორც არ უნდა მოინდომოს რუსეთმა, როგორც არ უნდა ხელი შეუწყოს მთავრობამ. საქართველო არის მშვიდობიანი, თავისუფალი, ევროპული“, – განაცხადა ხოშტარიამ თავის მოკლე სიტყვაში.
„როგორც დღეს ძალიან პრინციპულად, ძალიან მშვიდობიანად ჩვენ მოვედით და ჩავატარეთ ეს მსვლელობა და „არა“ ვუთხარით ფაშიზმს, ზუსტად ესე მშვიდობიანად მოვიშორებთ ყველა პრობლემას, დავძლევთ ყველა ბარიერს, და საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული ქვეყანა“, – დასძინა ხოშტარიამ.
აქციას „არა რუსულ ფაშიზმს“ ასევე შეუერთდნენ რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების ლიდერები, ასევე რამდენიმე სამოქალაქო ჯგუფი.
„კაცთმოძულეობას, უზნეობას და უზრდელობას ჩვენ ქვეყანას ნამდვილად ვერ დავუთმობთ. ეს არის რუსული გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომ გამოვჩნდეთ არაცივილიზებულ, უკულტურო და აგრესიულ ხალხად, რათა ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი გავხდეთ, თავისუფალმა ბიზნესმა აღარ მოახდინოს ინვესტირება ჩვენთან და საბოლოოდ რუსეთის კლანჭებში აღმოვჩნდეთ კვლავ“, – განუცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს.
„ქვეყანა და საზოგადოება არ შენდება ზიზღით. ყველა ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ ქვეყანა არ აშენდება ზიზღით და ფაშიზმი არ არის გამოსავალი და პირიქით ფაშისტებს უნდა ვებრძოლოთ, ასეთი ადამიანების გვერდით დავდგებით ჩვენ“, – აღნიშნა რესპუბლიკელების ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
აქციის ჩაშლის წარუმატებელი მცდელობა
20 ივლისს მოძრაობა „ქართველთა მარშმა“ აღმაშენებლის გამზირზე პარალელური აქცია დააანონსა ევროპული საქართველოს აქციის ჩასაშლელად.
მიუხედავად თბილისის მერიის მოწოდებებისა, რომ გადაედოთ აქცია ან სადმე სხვა ადგილას გაემართათ, „ქართველთა მარშის“ დაახლოებით 50 აქტივისტი აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ, პასტერის ქუჩაზე შეიკრიბა.
ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებული, მათ კორდონი გააკეთეს, რათა კონტრდემონსტრანტებისთვის აღმაშენებლის გამზირზე შესვლის უფლება არ მიეცათ. თუმცა, რამდენიმე მცირე ინციდენტს მაინც ჰქონდა ადგილი. კონტრდემონსტრანტებთან მიახლოების შემდეგ ევროპული საქართველოს აქტივისტებს კვერცხები, ცარიელი ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს, რის შედეგადაც ერთი ხანშიშესული ქალბატონი მსუბუქად დაშავდა.
კონტრდემონსტრანტები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ, 23 ივლისი, 2017. ფოტო: Eana Korbezashvili/Civil.ge
„ქართველთა მარშის“ კონტრდემონსტრაციას წინ უძღოდა მოძრაობის აქტივისტების შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და საპატრიარქოს მოწოდებები დაგეგმილი აქციების გაუქმების თაობაზე.
სანდრო ბრეგაძემ, რომელიც პატრიარქს დაგეგმილ დემონსტრაციამდე შეხვდა, განაცხადა, რომ ისინი დაემორჩილნენ პატრიარქის მოწოდებებს აქციის გაუქმების თაობაზე და მოუწოდეს მხარდამჭერებს, რომ არ მისულიყვნენ აქციაზე, მაგრამ „ქართველები, რომლებიც აპროტესტებენ ჯალათი ბოკერიას გავლას აღმაშენებლის გამზირზე, მაინც შეიკრიბნენ აქ“.
„პატრიარქმა მარტო ჩვენ არა, იმათაც [ევროპულ საქართველოს] სთხოვა, რომ აქცია არ გაგვემართა“, – განაცხადა ბრეგაძემ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ევროპული საქართველოს უარი, რომ არ გაემართა აქცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)