ევროსასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე ჩატარებული ეროვნული კონკურსი კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა

ევროსასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე სამი კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებული ეროვნული კონკურსი კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა. ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას 25 ივლისს გააცნო, ევროპული კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს სრულად მხოლოდ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ლადო ჭანტურია, აკმაყოფილებს. დანარჩენ ორ კანდიდატს – შოთა გეწაძესა და სოფო ჯაფარიძეს – საკმარისად ხანგრძლივი სამოსამართლო პრაქტიკა და პროფესიული გამოცდილება არ აღმოაჩნდა.

„შესაბამისად, ორ ადგილზე, ქვეყნის შიგნით, დღეს ეროვნული კონკურსი ცხადდება. ლადო ჭანტურია კი, როგორც წარმატებულად შეფასებული კანდიდატი, [შერჩევის] პროცედურას სტრასბურგის ორგანოების წინაშე გააგრძელებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ვაკანსიაზე კანდიდატების შესარჩევად ეროვნული კონკურსი უკვე მესამედ ცხადდება. თავდაპირველად, შესარჩევი პროცედურები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა 2017 წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაიწუნა, რის გამოც მთავრობამ მეორე კონკურსი 2017 წლის თებერვალში გამოაცხადა

მეორე ეროვნული კონკურის ფარგლებში, 2017 წლის მაისში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა 13-წევრიანმა კომისიამ ხუთი კანდიდატი გამოავლინა, რომელთაგან საქართველოს მთავრობამ სამი კანდიდატი – ლადო ჭანტურია, შოთა გეწაძე და სოფო ჯაფარიძე – მოიწონა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევაში იყვნენ ჩართულნი, როგორც პირველი, ისე მეორე ეროვნული კონკურსის შემთხვევაში ყურადღებას შესარჩევი პროცედურების ხარვეზებზე ამახვილებდნენ და ხელისუფლების თავისთვის სასურველი კანდიდატების შერჩევაში ადანაშაულებდნენ. 

„საუკეთესო ხუთეულში, და შემდეგ მთავრობის მიერ შერჩეულ სამეულში, სახელისუფლებო წარმომადგენლების მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად ვერ მოხვდნენ ძალიან მაღალი კომპეტენციისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატები“, – ნათქვამია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული კონკურსის შედეგები ნეგატიურად შეაფასეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. 

ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, დააკისრა და აღნიშნა, რომ „იმ სირცხვილის და სკანდალის ფონზე, რაც მეორედ მოაქვს მას ჩვენი ქვეყნისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, იგი იქნებოდა უკვე გადამდგარი“.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები შესარჩევი კონკურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმებიან. 

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმის მტკიცება, თითქოს ეს სიტუაცია არის დისკრედიტირებული და თითქოს ქვეყანა დაიქცა, ასე არ არის ნამდვილად“, – აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.

„[ეს] არ არის სასიამოვნო, მაგრამ ვიღაცას დაიწუნებენ, ვიღაცას მოიწონებენ. ეს არის პროცესი,“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა ორეტაპიანი შესარჩევი პროცედურით ხორციელდება. პირველ ეტაპზე ტარდება ეროვნული კონკურსი, რომლის ფარგლებში ქვეყანა მოსამართლეობის სამ კანდიდატს შეარჩევს და კანდიდატთა სიას განსახილველად ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფს უგზავნის. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, შერჩევის მეორე ეტაპი იწყება: PACE-ს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი თითოეულ კანდიდატს პირადად გაესაუბრება და მათ CV-ებს შეისწავლის, რის შემდეგაც სიის მიღების ან უარყოფის თაობაზე რეკომენდაციას გასცემს. კანდიდატთა კვალიფიკაციის დადასტურების შემდეგ, კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით კენჭს უყრის კანდიდატებს. ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ცხრა წლის ვადით იქნება არჩეული სასამართლოში.

საქართველომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სია 31 აგვისტომდე უნდა წარუდგინოს.

საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი წინა მოსამართლის, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოიწურა, თუმცა გახანგრძლივდა მას შემდეგ, რაც PACE-ს კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)