NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის, მთავრობის საქმიანობისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ რესპოდენტების განწყობებს აჩვენებს. 
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, NDI-ის დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით, გამოკითხვა 18 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში აწარმოა. კვლევის ფარგლებში წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2261 რესპოდენტი გამოიკითხა და კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2.2 %-ს შეადგენს.

ქვეყნის განვითარების მიმართულება
კვლევის თანახმად, რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება, 31%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2017 აპრილში იგივე მოსაზრებას გამოკითხულთა 33% იზიარებდა. 
რესპონდენტთა 31% მიიჩნევს, რომ საქართველო „სწორი მიმართულებით“ მიდის, რაც 2017 წლის აპრილისა და 2016 წლის ნოემბრის მონაცემებს ემთხვევა. 35%-მდე გაზრდილია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანა „საერთოდ არ იცვლება“. 2017 წლის აპრილში ამ აზრს რესპონდენტთა 31% იზიარებდა. 
მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები

კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტები დასაქმებას (52%), სიღარიბეს (31%), ტერიტორიულ მთლიანობას (30%), ფასების ზრდას/ინფლაციას (28%), ხელმისაწვდომ ჯანდაცვას (25%) და პენსიებს (22%) ყველაზე მწვავე პრობლემებად განიხილავენ. ეს პრობლემები, რამდენიმე წელია, რჩება პრიორიტეტულ საკითხებს შორის და, სხვადასხვა თანმიმდევრობით, წინა კვლევებშიც იკვეთება. 

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 37%-მა, მნიშვნელოვან პრობლემებს შორის, გზების საკითხი დაასახელა, რასაც მოსდევს გარემოს დაბინძურება (22%), წყალმომარაგება (17%), გაზის მიწოდება (17%), საგზაო მოძრაობა (16%), სხვა.

საგარეო პოლიტიკა
გამოკითხვის თანახმად, 2017 წლის აპრილთან შედარებით, 80%-დან 77%-მდე შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. 2016 წლის ნოემბერსა და ივნისში ეს მონაცემი 72%-ს შეადგენდა. 
ქვეყნის მასშტაბით, ევროკავშირში გაწევრიანების იდეას მაღალი მხარდაჭერა აქვს. გამონაკლისი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია, სადაც ეს მაჩვენებელი 53%-ს შეადგენს. 
რესპონდენტთა 66% ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რაც 2017 წლის აპრილთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, 23% ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, მაშინ როდესაც 2017 წლის აპრილში ამ აზრს გამოკითხულთა 21% იზიარებდა. 
2017 წლის აპრილთან შედარებით, ნატოს წევრობისადმი მხარდაჭერა 42%-დან 29%-მდე შემცირდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. 

საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსზე საუბრისას, რესპონდენტთა 62%-მა უპასუხა, რომ „საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში“ (2017 წლის აპრილში – 65%), ხოლო 23%-მა განაცხადა, რომ „საქართველო უნდე შევიდეს ევრაზიულ კავშირში“ (2017 წლის აპრილში – 21%). გამოკითხულთა 8% არცერთ ამ წინადადებას არ იზიარებს. 

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 90%-ს სმენია საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. მათგან, ვისაც ამის შესახებ სმენია, 64% აცხადებს, რომ საკმარისად ინფორმირებულია უვიზო მიმოსვლით სარგებლობის პროცედურების/წესების შესახებ (ეს მაჩვენებელი 2017 წლის აპრილთან შედარებით არ შეცვლილა).  

მთავრობის საქმიანობა
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 52%-მა ქართული ოცნების მთავრობის საქმინობა შეაფასა როგროც „საშუალო“, 10%-მა – როგორც „კარგი“ ან „ძალიან კარგი“, ხოლო 35%-მა – როგორც „ცუდი“ ან „ძალიან ცუდი“.
იგივე კითხვაზე, რომელიც ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის შეფასებას ეხებოდა, გამოკითხულთა მოსაზრებები შემდეგნაირად გადანაწილდა: „საშუალო“ – 52% , „კარგი“ ან „ძალიან კარგი“ -16% , „ცუდი“ ან „ძალიან ცუდი“ – 28%.
საკრებულოს საქმიანობის შეფასებისას, რესპონდენტთა 21%-მა გამოხატა კმაყოფილება, 15%-მა – უკმაყოფილება, ხოლო 46% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო. 
მერების საქმიანობით კმაყოფილებას გამოკითხულთა 20% გამოთქვამს, უკმაყოფილო – 18%-ია, ხოლო 45% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო. 

სხვა საკითხები
გამოკითხულთა მხოლოდ 32%-მა აღნიშნა, რომ გაუგია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ, ხოლო მათგან, ვისაც გაუგია, უმრავლესობა (59%) ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ცვლილებების თაობაზე. ახალი კონსტიტუციის შესახებ პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სახალხო განხილვებში მონაწილეობა რესპონდენტთა მხოლოდ 2% მიიღო. მათგან, ვისაც სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, მხოლოდ 6% ამბობს, რომ ცვლილებები ხალხის აზრს ასახავს. 47% ფიქრობს, რომ ხალხის აზრი ასახულია ნაწილობრივ, ხოლო 32% მიიჩნევს ხალხის აზრი გათვალისწინებული „საერთოდ არ არის“.
 გამოკითხულთა ნახევარმა (52%) იცის იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელთა შედეგადაც შვიდ თვითმმართველ ქალაქს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და მოხდა მათი გაერთიანება მომიჯნავე თემებთან. რესპონდენტთა 44%-ისათვის ამის შესახებ უცნობია. მომიჯნავე მუნიციპალიტეტებთან ქალაქების გაერთიანებას ეთანხმება მხოლოდ 16%, მაშინ როდესაც გამოკითხულთა უმრავლესობა (59%) ამის წინააღმდეგია. გარდა ამისა, გამოკითხულთა ნახევარს (45%) მიაჩნია, რომ ეს ცვლილებები ქვეყნას უარყოფით შედეგებს მოუტანს, დადებით შედეგებზე კი მხოლოდ 11% საუბრობს. 
 ხუთშაბათს NDI გეგმავს საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ ნაწილის გამოქვეყნებას, სადაც მოცემული იქნება პოლიტიკური რეიტინგები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)