სოხუმი საბოლოოდ დათანხმდა რუსეთთან ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნას
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ 26 ივლისს მოახდინა იმ შეთანხმების რატიფიკაცია, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის მონაწილეობით „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნას ითვალისწინებს. ახალ სამართალდამცავ სტრუქტურაში მოსკოვის მიერ დანიშნული პოლიციის ოფიცრები იმუშავებენ.
აფხაზეთის „პარლამენტის“ სხდომაში მონაწილე 34 დეპუტატიდან საკოორდინაციო ცენტრის შექმნას მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრა წინააღმდეგი აღმოჩნდა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
ხელშეკრულების წარდგენისას, აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრმა“, ასლან კობახიამ განაცხადა, რომ ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი რუსეთსა და აფხაზეთს შორის „უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას“, ასევე – ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირების მონაცემთა ბაზის შექმნას და თანამშრომლობას „სახელმწიფოთაშორისი ძებნისა და ექსტრადიციის საკითხებში“.
საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას 18 მაისს, სოჭში, ხელი ასლან კობახიამ და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა, მოაწერეს. შეთანხმება წარმოადგენს ნაწილს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებისა, რომელიც 2014 წლის 24 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ გააფორმეს.
რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი ცენტრის პროექტმა სოხუმში უთანხმოება გამოიწვია და გააჩინა ეჭვი, რომ ცენტრის შექმნით რუსეთი რეგიონზე მეტ კონტროლს მოიპოვებდა.
ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება პასუხად იმას აცხადებდა, რომ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა 20-ით შემოიფარგლებოდა, ცენტრის ხელმძღვანელობაში მოსკოვისა და სოხუმის წარმომადგენელთა როტაცია მოხდებოდა, გარდა ამისა, ცენტრს „ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების“ განხორციელების უფლებამოსილება არ ექნებოდა.
ხელშეკრულების რატიფიკაციამდე ერთი დღით ადრე, 25 ივლისს, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ, საკოორდინაციო ცენტრთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არავინ დაუშვებს რაიმე სახის ზეეროვნული სტრუქტურის შექმნას, რომელიც აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალელურად იმოქმედებს“.
„ეს სტრუქტურა ორიენტირებული იქნება აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერაზე; ჩვენ ვსაუბრობდით ცენტრში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობრივ პარიტეტზე. ცენტრის ხელმძღვანელობის საკითხიც მკაფიოდ განსაზღვრულია“, – დასძინა ხაჯიმბამ.
აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციისა და რატიფიცირებული ხელშეკრულების თანახმად, საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მიზანია რუსეთისა და აფხაზეთის სტრუქტურების კოორდინირება „ორგანიზებულ დანაშაულსა და სხვა საშიშ დანაშაულებთან“ ბროლაში. ამ მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს დანაშაულთან დაკავშირებული დოკუმენტების შექმნას, ანალიზს და ურთიერთგაცვლას; ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს „სახელმწიფოთაშორისი მასშტაბით დამნაშავეთა ძებნასა და ექსტრადიციას“, აგრეთვე – „სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას ისეთ დანაშაულებთან საბრძოლველად, რომელიც ემუქრება რესპუბლიკის უსაფრთხოებას“.
რუსეთის მონაწილეობით, ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი ცხინვალშიც შეიქმნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)