სოხუმი „აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნების სანაცვლოდ ქართველებს „მოქალაქეობას“ ჰპირდება


რაულ ხაჯიმბას განკარგულება "აფხაზურ ფესვებთან" დაბრუნების მსურველი გალელი ქართველებისათვის აფხაზეთის "მოქალაქეობის" მინიჭების შესახებ, 26 ივლისი, 2017. ფოტო: Galtv

სოხუმის ხელისუფლება „მოქალაქეობის“ მინიჭებას ჰპირდება იმ ქართველებს, რომლებიც „აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ და მათთვის „ისტორიული“, აფხაზური გვარების აღდგენის თხოვნით ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს“ მიმართავენ. ამის შესახებ გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ, განაცხადა.

„ვერავინ იტყვის, რომ ეს იძულებით ხორციელდება. ეს იყო თქვენი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, მიგემართათ „პრეზიდენტისთვის“ მოქალაქეობის მინიჭების და თქვენი ისტორიული გვარების აღდგენის თხოვნით“, განაცხადა ნადარაიამ 26 ივლისს შეხვედრაზე, რომელსაც „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ ხელმძღვანელები და „ისტორიული გვარების“ აღდგენის მსურველი 30-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაესწრო.

„ახლა თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ პასპორტი, სადაც თქვენს ეროვნებად მითითებული იქნება „აფხაზი“, ხოლო გვარი კი ჩაიწერება იმ ცვლილებების გარეშე, რომლებსაც სტალინისა და ბერიას დროს აკეთებდნენ“, – აღნიშნა ნადარაიამ, რითიც, ფაქტობრივად, გაიმეორა აფხაზი ლიდერების პოზიცია, რომ გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი საბჭოთა კავშირის დროს „გააქართველეს“. 

ამავე შეხვედრაზე, „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ, დამსწრეებს წაუკითხა რაულ ხაჯიმბას მიერ 19 ივლისს გამოცემული განკარგულება, რომლითაც პირველ 31 განმცხადებელს „ისტორიული“ გვარის აღდგენის მოთხოვნა დაუკმაყოფილდა და, ამის საფუძველზე, აფხაზეთის „მოქალაქეობა“ მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ, 21 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „სამწუხაროდ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ყოვლად მიუღებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გალის გეტოში მომწყვდეული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ“.

ჯემალ გამახარიამ გალელი ქართველებისთვის ეთნიკური იდენტობის შეცვლის მცდელობას „ქართველთა დისკრიმინაციის ახალი ფორმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ იმ „ანტიისტორიული თეორიის“ ავტორებმა, რომლის მიხედვითაც გალის რაიონის მოსახლეობა საბჭოთა დროს ძალით გააქართველეს, „ყველაზე კარგად უწყიან, რომ ისინი ურცხვად ცრუობენ“. 

„აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნების საფუძველზე, გალში მცხოვრები პირებისათვის აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც, თითქმის ორი კვირის წინ, გალში მცხოვრები სხვა ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის მოწმობების“ გაცემა დაიწყო. ბინადრობის ნებართვა გალში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აფხაზეთში ცხოვრების, საკუთრების გაყიდვის ან მემკვიდრეობით გადაცემის და დანარჩენ საქართველოში გადაადგილების საშუალებას აძლევს, თუმცა სრულად ართმევს პოლიტიკურ უფლებებსა და ქონების ყიდვის უფლებას.

„მურზაყანელ აფხაზთა“ კონფერენცია

26 ივლისის გალის აფხაზურ ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ პირველი კონფერენცია, რომელიც 19 ივლისს ჩატარდა და ქალაქ გალის 85 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაემთხვა. 

რეზოლუცია, რომელიც „მურზაყანელ აფხაზთა საბჭომ“ პირველ კონფერენციაზე მიიღო, მოუწოდებს „აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრებ“ პირებს, რომელთა გვარებიც „სტალინისა და ბერიას დროს“ ქართულ გვარებად გადაკეთდა, „თავიანთ ისტორიულ [აფხაზურ] ფესვებთან დასაბრუნებად ყველა ღონე იხმარონ“. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

გალის 85 წლისთავთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ, ადგილობრივ მოსახლეობას განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ გალის რაიონის მცხოვრებნი სინამდვილეში აფხაზები არიან, რომლებიც, საბჭოთა პერიოდში, ძალით გააქართველეს. „ამის მიუხედავად, ეთნიკური მეხსიერება ცოცხალია და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნული იდენტობის აღდგენის პროცესი“, აღნიშნულია ხაჯიმბას განცხადებაში, რომელიც „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ კონფერენციის მონაწილეებს აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრმა“ ბესლან ბარციცმა წაუკითხა. 

„მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ედიშერ ზუხბამ განაცხადა, რომ კონფერენციაზე მაღალი რანგის აფხაზი ლიდერების დასწრება იმაზე მიუთითებს, რომ „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს წინაშე არსებული ამოცანები ამავდროულად სახელმწიფოს მიზნებიცაა“.

ზუხბას თანახმად, ორგანიზაცია „სამი თვის განმავლობაში, ხელისუფლების მხარდაჭერით“ იძიებდა „ისტორიულ ფესვებთან“ დაბრუნების პოტენციურ მსურველებს და ამ დროისათვის 4500 ასეთი პირი გამოავლინა. ზუხბა ასევე გამოვიდა წინადადებით, გალში შეიქმნას სკოლა-პანსიონი, სადაც „განსაკუთრებული ყურადღება და პრიორიტეტი აფხაზური ენისა და ლიტერატურის, ასევე – აფხაზეთის ისტორიის შესწავლას მიენიჭება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)