რელიგიური გაერთიანებები: ახალი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების „გაუმართლებელი შეზღუდვის“ საფრთხეს წარმოშობს
პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები „რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს“, – ნათქვამია სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მიმართვა, რომელსაც ხელს რელიგიური უმცირესობების 19 ჯგუფი აწერს, მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციური კანონპროექტის მე-16 მუხლზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს „დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
რელიგიურ გაერთიანებებს მიაჩნიათ, რომ ეს კრიტერიუმები „წარმოშობს მაღალ რისკს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელ მიზნებს“.
„როდესაც ვსაუბრობთ რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციით შეზღუდვის საფრთხეებზე, ვითვალისწინებთ იმ მრავალწლიან გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი ვაწყდებით საქართველოში“, – ნათქვამია რელიგიათა საბჭოს მიმართვაში.
„ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენი რწმენის გამოხატვის შეზღუდვის, ძალადობისა და შეუწყნარებელი დამოკიდებულების მსხვერპლნი“, – ამბობენ რელიგიის საბჭოს წევრები და დასძენენ, რომ კონსტიტუციაში „ბუნდოვანი“ ნორმების შეტანით, შესაძლოა, „რელიგიური გაერთიანებების უფლებათა არამართლზომიერ შეზღუდვას მიეცეს ლეგიტიმაცია“.
საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, მე-16 მუხლი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების ზუსტ ჩამონათვალს არ შეიცავდა და შესაბამისი ნორმა ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: „დაუშვებელია რწმენისა და სინდისის თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“.
ვენეციის კომისიამ აღნიშნული ჩანაწერი დაიწუნა. კომისიის დასკვნის მიხედვით, ეს ნორმა, ერთი მხრივ, იძლეოდა რელიგიის თავისუფლების „ვიწროდ“ განმარტების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლებელს ხდიდა სხვათა უფლებების შელახვის „ფართო“ ინტერპრეტაციას.
„გაძლევთ რეკომენდაციას, რომ კონსტიტუციის შესაბამის ნორმაში შეიტანოთ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ლეგიტიმური მიზნები (უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის და ზნეობრივი ნორმების დაცვა), როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით არის განსაზღვრული“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო. მესამე და ბოლო მოსმენა 2017 წლის საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)