რუსული მედია იტყობინება აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ
მოსკოვში დაფუძნებულმა საინფორმაციო სააგენტომ RBC-მ, ხუთ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში – სოხუმში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ვიზიტის შესახებ.
RBC-ის თანახმად, პრეზიდენტი პუტინი აფხაზეთში, სავარაუდოდ, 8 აგვისტოს ჩავა, რაც რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წელს მომხდარი ომის პერიოდს ემთხვევა.
ამავე ცნობის თანახმად, დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოლაპარაკებები ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტთან“, რაულ ხაჯიმბასთან.
რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. RBC-ის ცნობით, სოხუმში პუტინის ვიზიტის შესახებ კითხვას არც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, უპასუხა.
პუტინის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობას თბილისის მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის, თქმით, პუტინის დაგეგმილი ვიზიტი აფხაზეთში „არის გზავნილი რუსეთის მხრიდან ღიად, რომ აგრძელებს ოკუპაციას“. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, არც საქართველოს სახელმწიფო და არც საზოგადოება რუსეთის ოკუპაციას არ შეეგუება. „ჩვენ ამაში ძალიან მყარი საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს“, – დასძინა ციხელაშვილმა.
ვლადიმირ პუტინის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძეც, გამოეხმაურა. „ეს ვიზიტი არის მცდელობა, რომ რუსეთმა მოახდინოს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია, თუმცა, ეს სრულიად წაგებული ომია, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ძალიან მტკიცეა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ნამდვილად მოგებული აქვს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს უკანასკნელად 2013 წლის აგვისტოში ეწვია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)