არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის
ოთხი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია – სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ – ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმის შექმნის ინიციტივით გამოდის, რომლის მიზანიც, ოპოზიციური ძალების გაერთიანებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, დამარცხება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – ხელისუფლების შეცვლა იქნება.
ინიციატივის ავტორებმა ახალი პლატფორმის შესახებ 3 აგვისტოს, „ახალი საქართველოს“ ოფისში ისაუბრეს და პლატფორმაში გასაერთიანებლად აქტიური მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიწვიეს.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის, თქმით, მოქმედი საარჩევნო სისტემა, ხელისუფლების ხელში ფინანსური რესურსების კონცენტრირება და ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობა ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობს, ამიტომ ის პოლიტიკური ძალები, ვისაც ხელისუფლების დამარცხება „რეალურად უნდა“, უნდა გაერთიანდნენ.
„ერთადერთი გზა არის, ერთიანი ძალისხმევით დავიწყოთ ბრძოლა და ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში დავამარცხოთ ქართული ოცნება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, გაერთიანების მსურველი ოპოზიციური პარტიებისთვის „კარი ღიაა“.
„ჩვენ ვიწყებთ ღია კონსულტაციებს, რათა ჩამოვაყალიბოთ ღია, ერთიანი სამოქალაქო-პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც იბრძოლებს ამ ხელისუფლების შესაცვლელად“, – აღნიშნა „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ხარატიშვილმა და დასძინა, რომ ახალი პლატფორმის უახლოესი მიზანი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ქართული ოცნების დამარცხება იქნება.
„ჩვენთან კი არ გაერთიანდეთ, ყველა გავერთიანდეთ“, – მიმართა სხვა ოპოზიცურ პარტიებს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ. მანვე ისაუბრა პლატფორმის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის პრინციპების შესახებ და აღნიშნა, რომ, გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიცია, პრაიმერის მეშვეობით, მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ერთიან კანდიდატებს გამოავლენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)