2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 3 აგვისტო
რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.
მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
3 აგვისტო:
- 3 აგვისტოს დადგომისას, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაბალი ინტენსივობის სროლები დაფიქსირდა. ქართული მხარის ცნობით, ოსურმა ძალებმა ქართველ პოლიციელთა საგუშაგოს ცეცხლი სოფელ დვანთან გაუხსნეს. ცხინვალმა კი ქართულ მხარეს სოფელ მუგუთის მიმართულებით სროლაში დაადანაშაულა.
- საქართველოს დაზვერვა იტყობინება, რომ როკის გვირაბის გავლით, ჯავის რაიონში, რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ელემენტები განალაგეს.
- სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“, მიხაილ მინძაევი, ცხინვალის სამხრეთით მდებარე ქართული ქალაქების „გორის, ქარელის და ერთ-ერთი საკურორტო ზონის“ დაბომბვით იმუქრება.
- სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი, სერგეი ბაღაფში, აცხადებს, რომ სოხუმი უარს ამბობს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე, რის მიზეზადაც სამხრეთ ოსეთში ვითარების დაძაბვას ასახელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)