ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 3 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უმცროსი სერჟანტი ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე – კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გეგა ხარშილაძე – დაიჭრა. ისინი გადაყვანილნი არიან ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში. თავდაცვისა სამინისტროს ინფორმაციით, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა“.
გარდაცვლილი ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში, უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ – 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ბებიაშვილს მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარება საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვეს. ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს სატელეფონო საუბარისას მიუსამძიმრა.
უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი მეორე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც 2015 წლიდან ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას დაიღუპა. 2015 წლის სექტემბერში ამავე მისიაში მონაწილე რიგითი ჯარისკაცი, ვასილ ყულჯანიშვილი, პატრულირებისას მომხდარი შეტაკების დროს მოკლეს.
ბოლო დღეებში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებზე კიდევ ორი თავდასხმა მოხდა. ოთხშაბათს, 2 აგვისტოს, ყანდაარის პროვინციაში ტერორისტულ თავდასხმას ორი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი 3 აგვისტოს, ქაბულის პროვინციაში დაიღუპა.
საქართველო ავღანეთში ნატოს მისიებში აქტიურად 2009 წლიდან მონაწილეობს. ნატოს ISAF-ის მისიაში, რომელიც 2014 წელს დასრულდა, ქართველ სამხედროთა მაქსიმალური რაოდენობა თითქმის 1600-ს აღწევდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში კი დაახლოებით 870 ჯარისკაცი მონაწილეობს.
2009 წლიდან დღემდე ნატოს მისიებში მონაწილეობისას, საქართველოს მხრიდან მსხვერპლის რაოდენობამ 32 შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)