2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 7 აგვისტო
რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.
მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
7 აგვისტო:
- ღამის 3:00-დან 4:00 საათამდე საქართველოს დაზვერვის სამსახური ოსი სამხედროების სატელეფონო საუბრებს ისმენს, რომლებიც საუბრობენ რუსი სამხედროებისა და ტექნიკის შემოსვლაზე რუსეთიდან საქართველოში როკის გვირაბის გავლით. რუს სამხედროებს შორის მათ რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი კაზაჩენკო დაასახელეს. მოგვიანებით სწორედ ამ პოლკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბრძოლო მოქმედებებში.
- 7 აგვისტოს დილის საათებში ცხინვალის რეგიონში ინტენსიური სროლები ხორციელდება.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს პრესრელიზში, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს ტელეფონით ესაუბრა და რომ მათი „შეფასებები კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის შესახებ დაემთხვა“.
- დილას ედუარდ კოკოითი ჯავის რაიონში მიემგზავრება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული სოფლების, ნულის და ავნევის დაბომბვა დაახლოებით 12 საათისთვის განახლდა.
- აფხაზეთის ლიდერი, სერგეი ბაღაფში, აცხადებს ედუარდ კოკოითისთან საუბრის შემდეგ, რომ „ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ბატალიონი შევიდა“ ცხინვალის რეგიონში.
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც როკის გვირაბის ერთობლივ მონიტორინგს და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას, ასევე რუსეთზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
- ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 14:00 საათზე სოფელ ავნევში მდებარე მათ საგუშაგოს სოფელ ხეთაგუროვოში განთავსებულმა სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ქართული ჯავშანმანქანა განადგურდა.
- საქართველოს ხელისუფლება იღებს ახალ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს საზღვრის მახლობლად განთავსებული რუსი სამხედროები იღებენ ბრძანებას, რომ საქართველოს საზღვრისკენ დაძვრისთვის მოემზადონ. 14:30 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გასცემს ბრძანებას, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მყოფი სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონისკენ დაიძრნენ.
- ანატოლი ბარანკევიჩი – რუსი სამხედრო ოფიცერი, რომელიც ცხინვალის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა – საქართველოს „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის“ დაწყებაში ადანაშაულებს.
- 18:40 საათზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა აცხადებს პრესკონფერენციაზე, რომ საქართველომ გადაწყვიტა ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. იაკობაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ის რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურს, მარატ კულახმეტოვს შეხვდა. იგი ასევე აცხადებს, რომ ის ვერ უკავშირდება სამხრეთ ოსეთის მთავარ მომლაპარაკებელს, ბორის ჩოჩიევს.
- 19:10 საათზე თავის სატელევიზიო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს თბილისის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციას რიგ დათმობებს სთავაზობს.
- რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელი იური პოპოვი აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება 8 აგვისტოს 13:00 საათზე მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და დაახლოებით 20:30 საათზე სოფელ ავნევს, შემდეგ სოფელ ფრისს, მოგვიანებით კი თამარაშენს და თბილისის მიერ კონტროლირებულ კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს.
- კიბერშეტევა, რომელიც მომდევნო დღეებში გაგრძელდა, საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო და მის შედეგად რამდენიმე ქართულ სერვერსა და ინტერნეტ ტრაფიკზე გარე კონტროლი დამყარდა.
- საქართველოს ხელმძღვანელობა რწმუნდება დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, რომ რუსულმა ძალებმა როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოჭრა დაიწყეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა სთხოვს საქართველოს ოფიციალურ პირებს არ დაუპირისპირდნენ რუს სამხედროებს.
- 23:35 საათზე პრეზიდენტი სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბს უბრძანებს, რომ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის რეგულარული შენაერთების გადაადგილება როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში; მოახდინონ იმ საცეცხლე პოზიციების ნეიტრალიზება, საიდანაც იხსნებოდა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების, ქართველი სამშვიდობოების და პოლიციის წინააღმდეგ; დაიცვან ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)