საქსტატი: 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.56 მლრდ აშშ დოლარი იყო
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რეინვესტიციის 2012-2016 წლების მაჩვენებლები აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების თანახმად, 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.56 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემს 0.1 პროცენტით აღემატება.
ეს საბოლოო მაჩვენებლები გადაიხედა მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებიდან, რომელიც 1.64 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2016 წლის პირველ კვარტალში 390 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე კვარტალში 404.2 მილიონამდე, ხოლო მესამეში კიდევ უფრო, 501.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ბოლო კვარტალში 270.1 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მიიღო 2016 წელს – 671.9 მლნ აშშ დოლარი (2015 წელი – 584.6 აშშ დოლარი). შემდეგ მოდის მშენებლობა – 129.5 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 129 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 124.5 მლნ აშშ დოლარი; ენერგოსექტორი – 117.3 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 113.6 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 52.4 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 49 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვის სფერო – 28.8 მლნ აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2016 წელს აზერბაიჯანიდან მოიზიდა – 558 მლნ აშშ დოლარი, მას მოყვება თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული კომპანიები – 203.5 მლნ და 118.8 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად. გასულ წელს ნიდერლანდებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 97.2 მლნ აშშ დოლარი, ლუქსემბურგიდან – 88.3 მლნ აშშ დოლარი, პანამიდან – 75.7 მლნ აშშ დოლარი, ჩეხეთიდან – 64.1 მლნ აშშ დოლარი, აშშ-დან – 53.6 მლნ აშშ დოლარი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან კი – 44.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)