ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დღეს გამოსცა სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2017 წლის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების თარიღად 2017 წლის 21 ოქტომბერი განისაზღვრა.
არჩევნების დღის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის აქტის გამოცემით, იწყება წინასაარჩევნო პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამოქმედდება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რიგი სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების, მედიის მიერ კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაორმაგების თაობაზე.
21 ოქტომბერს 59 თვითმმართველი თემი და ხუთი თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის, თბილისი, საკუთარ მერს და საკრებულოს აირჩევს. დღეისათვის, თბილისის მერის პოსტზე წარდგენილია შვიდი კანდიდატი.
პარტიების წინასწარი ინფორმირების მიზნით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი ივნისის ბოლოს გამოაცხადა.
2017 წლის ადგილობრივი არჩევნები საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებში შეტანილი ცვლილებების პირობებში ტარდება.
2017 წლის 30 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ხუთამდე შემცირდა. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სახელწოდებას. კერძოდ, თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოს – გამგებელს/გამგეობას – თვითმმართველი ქალაქების მსგავსად, მერი/მერია ეწოდება, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ამოქმედდება.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, დაზუსტდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებიდან საკრებულოში ასარჩევი მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა. კერძოდ, ოთხიდან 10 ათასამდე მოსახლის შემთხვევაში – მაჟორიტარი დეპუტატის რაოდენობა ორით განისაზღვრება, 20 ათასამდე მოქალაქე – სამ მაჟორიტარს აირჩევს, ხოლო 35 ათასამდე ამომრჩევლის შემთხვევაში – ქალაქს ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი შვიდი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა. პრეზიდენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა, თუმცა მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)