ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლა გრძელდება
ბორჯომის ხეობაში უკვე მეექვსე დღეა ებრძვიან ხანძარს, რომელიც 20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მახლობლად გაჩნდა და 100 ჰექტარზე მეტ ტყის ფართობს მოედო.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს, 25 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ „მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა“.
კვირიკაშვილის თქმით, ღამით სტიქიის ზონაში ზოგიერთ ადგილას ვითარება გართულდა, მაგრამ „ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო. მობილიზებული არიან სამაშველო ვერტმფრენები და მეხანძრეები.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოსთან ერთად, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და თურქეთი მონაწილეობენ. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)