გიორგი კვირიკაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხანძარი, რომელიც 20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში გაჩნდა და 100 ჰექტარზე მეტ ტყის ფართობს მოედო, ლიკვიდირებულია.
„საღამოს, მინისტრებთან ერთად, პირადად შემოვიარე ყველა კრიტიკული ლოკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა მომდევნო დღეებში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ“, – განუცხადა 25 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს. 
კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ხანძართან საბრძოლველად შექმნილი საგანგენო შტაბი მუშაობას განაგრძობს. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა, რათა „წერტილოვანი კერები“ ოპერატიულად იყოს ჩაქრობილი.
გიორგი კვირიკაშვილმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებს, ჯარისკაცებს და მფრინავებს მადლობა გადაუხადა. 
„იმ წერტილებში სადაც იყო სიცოცხლის რისკიც კი, ამ ადამიანებმა შეძლეს და ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის, ულამაზესი ტყის დიდი მასივი გადაარჩინეს განადგურებისგან. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე და მინდა გითხრათ, რომ ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა. დიდი მადლობა ყველას“, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ოპერაციაში მონაწილე ქართველი, აზერბაიჯანელი, თურქი და ბელარუსი მფრინავები, ასევე სომეხი და აზერნაიჯანელი მეხანძრეები მათი დისლოკაციის ადგილებზე მოინახულა და პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოს, დილით, საგანგენო შტაბის სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრებმა ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს. 
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, დაადასტურა, რომ „ხანძარი პრაქტიკულად ლიკვიდირებულია“. დღის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობიდან სამხედრო მოსამსახურეთა გაყვანას იწყებს. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბორჯომის ხეობაში 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ერთი ასეული დარჩება. 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მაშველებისა და გამოყენებული ტექნიკის შესახებ ინფორმაცია გამოაქყვენა:
– სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხრიდან ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს 1200 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 650 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 900 თანამშრომელი, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის 20 მფრინავი, ასევე – ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, პოლიციელები, ექიმები, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. გამოყენებული იყო ათეულობით ერთეული მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია (სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი).
– ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი, 12 ერთეული სახანძრო მანქანა, 7 ერთეული სპეც. ტექნიკა, 90 მეხანძრე-მაშველი.

– სომხეთის საგანგებო სიტუაციის სამინისტრომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დასახმარებლად, 4 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 65 მეხანძრე-მაშველი გამოაგზავნა.

– ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, ასევე – ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი.
წინასწარი დაუზუსტებელი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარმა 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)