სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი დაიღუპა
ქართულმა მედიამ 28 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრის დაღუპვის შესახებ.
მოკლული მამაკაცი პანკისის სათემო რადიოს Way-ს მიერ იდენტიფიცირებულია როგორც სოფელ ომალოს მკვიდრი, 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი.
სათემო რადიო, გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ტოხოსაშვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ტოხოსაშვილთან ერთად, დაბომბვას მისი მეუღლე და ოთხი შვილი ემსხვერპლა.
რადიო Way-ს ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში, თურქეთის გავლით, ორი წლის წინ ჩავიდა. რადიო არ აზუსტებს, იბრძოდა თუ არა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, რომლის რიგებშიც პანკისის ხეობის ათობით მკვიდრი ჩაირიცხა.
2012 წლიდან დღემდე სირიაში, სულ მცირე, პანკისი ხეობის 26 მკვიდრი დაიღუპა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ჯგუფების მხარეს „50–მდე საქართველოს მოქალაქე“ იბრძოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)