მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს „საბოლოო მიზანი“ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა


საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ბუდაპეშტში, 31 აგვისტო, 2017. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ, ბუდაპეშტში, ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქვეყანა განაგრძობს საქართველო-ევროკავშირის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას“.

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“, – დასძინა მინისტრმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 აგვისტოს, ბუდაპეშტში გამართული პლენარული სესია მთლიანად დაეთმო ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს აღმოსავლეთ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს „პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“.

„ხვალ სამი წელი სრულდება ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან. ჩვენ მართლაც ბევრი რამ მოგვცა აღმოსავლეთ პარტნიორობამ. წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური და საბაზრო ინტეგრაციის პროცესი, ქართული პროდუქცია თავს იმკვიდრებს ევროპულ ბაზარზე, ევროკავშირი საქართველოსთვის გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი… დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირთან ასეთი ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის. რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანელიძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანამ მიიღოს „ხელშესახები შედეგები“ და „ამისათვის მზად ვართ საქართველო-ევროკავშირის ამბიციური დღის წესრიგი სრულად ავითვისოთ“.

მიხეილ ჯანელიძემ, აღმოსავლეთ პარტნიორებისა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არ არის ცალმხრივი გზა“.

„აღმოსავლეთ პარტნიორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკავშირის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ თუ ფიზიკური უსაფრთხოების საკითხში და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა მინისტრმა.

„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგულია ეს ჩვენი საერთო პროექტი და ფართო შესაძლებლობების ჩარჩოა, რომელიც ყველა მონაწილეს სთავაზობს საშუალებას, ისარგებლობს პარტნიორობის პოტენციალით, ინდივიდუალური მისწრაფებებისა და ინტერესების მიხედვით,“ – აღნიშნა ჯანელიძემ. „ამდენად, იმედი გვაქვს, რომ მომავალი სამიტი ადეკვატურად უპასუხებს ამ მისწრაფებებს“, – დასძინა მინისტრმა. 

ვიშეგრადის ოთხეულის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი და უკრაინა) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესტონეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი, სვენ მიკსერი, და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)