აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში

Freedom House-მა 31 აგვისტოს გამოაქვეყნა განმარტებითი მიმოხილვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. 

მიმოხილვა ერთვის 2017 წელს მსოფლიოში თავისუფლების მდგომარეობის შესახებ Freedom House-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოთავსებულია „სადავო ტერიტორიების“ კატეგორიაში.

აფხაზეთის შესახებ მომზადებული მიმოხილვა, რეგიონში არსებულ პრობლემებს შორის, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მანკიერ სისტემას და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას“ ასახელებს. მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია პოლიტიკური ძალადობის შემთხვევები, როგორებსაც წარმოადგენს აპრილის თვეში ოპოზიციური დეპუტატის ავტომობილის აფეთქება სოხუმში, ასევე – ოპოზიციის მიერ ივლისში განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შტურმის მცდელობა.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ, რეგიონის ხელისუფლების მიერ გასაცემი დოკუმენტების უქონლობის გამო, ეთნიკურ ქართველებს შეეზღუდათ აპრილში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.

ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში წარმოდგენილია „საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება“. „მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ სამაუწყებლო მედიას ძირითადად ხელისუფლება აკონტროლებს, რეგიონში მაინც არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი ბეჭდური და ონლაინ გამოცემა“, – ნათქვამია ანგარიშში. 

Freedom House აფხაზეთს – „ნაწილობრივ თავისუფალ ტერიტორიად“, ხოლო სამხრეთ ოსეთს „არათავისუფალ ტერიტორიად“ განსაზღვრავს. 

სამხრეთ ოსეთის შესახებ მომზადებულ მიმოხილვაში, აღნიშნულია რომ ადგილობრივ მედიას აკონტროლებს ხელისუფლება, „რომელიც ასევე ზღუდავს ან ყურადღებით აკვირდება სამოქალაქო აქტივობას“, ხოლო „სასამართლო ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენასა და მანიპულაციებს“.  

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ტერიტორია პრაქტიკულად სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე და მოსკოვს აქვს გადამწყვეტი გავლენა მის პოლიტიკასა და მთავრობაზე“. იქვე ნათქვამია, რომ „ოქტომბერში, მედიაში გაჟონილი ელექტრონული წერილებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას მოსკოვის ყოვლისმომცველი კონტროლის თაობაზე“. 

Freedom House-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „წლის განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიისათვის შეზღუდვების დაწესებას“ და აღნიშნულია, რომ „ოქტომბერში, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, ხელისუფლების წევრთა მიმართ ცილისწამების გავრცელების ბრალდებით,  ორი ვებგვერდი აიკრძალა. ამავე საფუძვლით, სისხლის სამართლის ბრალდება ორ ჟურნალისტს და ერთ ინტერნეტ-მომხმარებელს წარედგინა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)