კახეთში, აჭარასა და თუშეთში ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთში, თელავის რაიონში, აჭარაში, ხულოს რაიონში და ასევე თუშეთში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ ართანასთან ახლოს, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს, ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან.

ართანასა და ხახაბოს რთული რელიეფის გამო, ორივე ტერიტორიაზე, ხანძართან ბრძოლაში ჩართულია ავიაცია – ორი ქართული ვერტმფრენი და ასევე ორი ვერტმფრენი, რომელიც ირანმა გამოგზავნა საქართველოს დასახმარებლად.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარე ტყეში.

კახეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გასაცნობად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადგილზე ჩავიდა, რომელმაც საგანგებო შტაბში თათბირი გამართა და ვერტმფრენით ადგილზე დაათვალიერა ხანძრის კერები.

ხანძარს ებრძვიან ასევე ხულოში, სადაც შავნაბადას მთაზე ოთხი ხანძრის კერაა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევის და ქედის სახანძრო სამაშველო ბრიგადები და სატყეო სამსახურის 200-მდე თანამშრომელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)