არასამთავრობოები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას კონსტიტუციის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს

თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 6 სექტემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წერილამდე ოთხი დღით ადრე ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მზად არის კონსტიტუციის პროექტის შესახებ ახალი მოსაზრება გამოაქვეყნოს და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ „კონსტიტუციის სახეცვლილი პროექტის დამტკიცებამდე, მასში შეიტანოს ცვლილებები კომისიის მოსაზრების და ქართულ პარტიებთან დიალოგის შედეგების გათვალისწინებით“.

„მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობას, აუცილებლად  გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოწოდებები და დაელოდოს ამ უწყების საბოლოო შეფასების გამოქვეყნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში. „დანაპირების არშესრულება და პარტნიორების შეცდომაში შეყვანა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება აღქმული მათ მიერ“.

„გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არ ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიზნებს და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მრავალპარტიული და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის არსებობისთვის“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.  

მათივე თქმით, „მინიმალური პოლიტიკური კომპრომისის არარსებობა და მსგავსი ერთპიროვნული გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილური განვითარების პერსპექტივებს. კონსტიტუცია სახალხო თანხმობის დოკუმენტია და აუცილებელია, მის შინაარსს იზიარებდნენ საზოგადოების ფართო ფენები“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა 6 სექტემბერს ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიისთვის ცნობილია, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრას სექტემბრის ბოლოსთვის გეგმავს.   

„ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება, ვენეციის კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი  და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის  კომისიისგან უკვე მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებების“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)