ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 6 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 7%-ზე დატოვების შესახებ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. აგვისტოში წლიური ინფლაცია შემცირდა და 5.7 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება“.

ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია და „დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება“. 

„საგარეო მოთხოვნა კვლავ დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე ტურიზმის შემოსავლები. იზრდება ფულადი გზავნილების მაჩვენებელი“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

„ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტის მოცულობა“, – განაგრძო ბანკმა. „წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.4 პროცენტია. ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის“.

ეროვნული ბანკი ასევე შეეხო ლარიზაციის პროცესს და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სესხების ზრდა ძირითადად ლარის სესხებით არის განპირობებული. „ბოლო თვეების განმავლობაში იზრდება ლარით მოზიდული დეპოზიტებიც“, – განაცხადა ბანკმა და დასძინა, რომ „ლარიზაციის ზრდა ამცირებს სავალუტო მერყეობის გავლენას განკარგვად შემოსავალზე და ხელს უწყობს საშუალოვადიან პერიოდში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას“. 

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ  საშუალებებს  ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი  ეტაპობრივად, 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან წლის ბოლოსთვის 8%–მდე გაიზარდა. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე 6,5%-ზე უცვლელად რჩებოდა. 25 იანვარს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,75%-მდე, ხოლო 2 მაისს 7%-მდე გაზარდა. 14 ივნისს და 26 ივლისს გამართულ სხდომებზე ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა.   

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)