აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქოში შეიკრიბნენ


საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, 6 სექტემბერი, 2017. ფოტო: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელმარ მამადიაროვი, მიხეილ ჯანელიძე და მევლუთ ჩავუშოღლუ 6 სექტემბერს ბაქოში შეიკრიბნენ, სადაც 2012 წელს დაფუძნებული სამმხრივი ფორმატის მე-6 შეხვედრა გაიმართა.

მინისტერიალზე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონულ და სამმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის „სწრაფი ამოქმედების“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორობაზე ენერგეტიკის სფეროში და „კიდევ ერთხელ გამოხატეს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ტრანს–ანატოლიის გაზსადენის, სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების, ასევე იმ ენერგოპროექტების მიმართ, რომლებიც კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად“.

მათ ასევე გაამახვილეს ყურადღება სამმხრივ თანამშრომლობაზე აბრეშუმის გზის მარშრუტის გასწვრივ, რათა მოხდეს „გზის აღდგენა და შენარჩუნება და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში, ასევე აბრეშუმის გზის მარშრუტის გასწვრივ ხალხთა შორის კონტაქტების თვალსაზრისით“.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პირისპირ შეხვედრები გამართა ელმარ მამადიაროვთან და მევლუთ ჩავუშოღლუსთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.

საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გამართონ.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)