ამბის მეორე მხარე, ანუ რატომ ვერ იმუშავებს თორნიკე შარაშენიძის აფხაზური პოლიტიკა


გიორგი კანაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი

გიორგი კანაშვილი „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორია. იგი აქტიურადაა ჩართული ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და ქართულ-რუსულ სამშვიდობო დიალოგში.

თორნიკე შარაშენიძის მოსაზრება საქართველოს აფხაზურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მითუმეტეს, რომ, როგორც ჩანს, ამ პოზიციებზე ქართული საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი დგას. ავტორი ქართულ პოლიტიკას აფხაზებთან მიმართებაში ზედმეტი სენტიმენტალიზმის, რევერანსებისა და დათმობების გამო აკრიტიკებს; და ჩვენი მხრიდან მეტი პრაგმატიზმის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მე კი, როგორ ერთ-ერთ მკითხველს, მომეჩვენა, რომ გადამეტებული ემოციები (სტატიის კრიტიკის მთავარი ობიექტი), არც ამ სტატიისთვისაა უცხო. არადა წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება, ზუსტადაც, რომ მედლის მეორე მხარეა, რომელიც პოლიტიკაში მართლაც მოსათოკია.

თუმცა მოდით ერთად გავყვეთ იმ მთავარ თეზებს, რომლებსაც ავტორი ეყრდნობა.

თეზა 1. საქართველო 90-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, აფხაზებთან მიმართებაში პოზიტიურ დისკრიმინაციას – ანუ ცალმხრივ დათმობებს, ახორციელებს; თუმცა ამას შედეგი არ მოაქვს.

ცალმხრივ დათმობებში იგულისხმება – ელექტრო ენერგიის უფასოდ გადაცემა, უფასო სამედიცინო დახმარება, ფართო ავტონომიის შეთავაზება; მართალია? – მხოლოდ ნაწილობრივ.
 
დავიწყოთ ელექტრო ენერგიის აფხაზურ მხარეზე უფასოდ გადაცემის საკითხიდან. საქმე ისაა, რომ ენგურჰესის ექსპლუატაცია, არც ქართულ და არც აფხაზურ მხარეს, ურთიერთშეთანხმების გარეშე არ შეუძლია, რაც მისი გეოგრაფიული, ტექნიკური მაჩვენებლებითაა განპირობებული. შესაბამისად, ალტრუიზმზე საუბარი, ალბათ გადამეტებულია; თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის მეტად სასარგებლო პირობებზე აფხაზების დათანხმება, ალბათ შესაძლებელია. ხოლო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამის შესახებ, სულ ცოტა აფხაზურმა მოსახლეობამაც უნდა იცოდეს.

რეფერალური პროგრამა, ანუ უფასო ჯანდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, რომელზეც საუბარია სტატიაში, ასევე არ დაწყებულა 90-იან წლებში, იგი, სულ რაღაც ბოლო ექვსი-შვიდი წელია, რაც ამოქმედდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის. მართალია, მკურნალობის გავლის შემდეგ, როგორც თორნიკე აღნიშნავს, ჯერ არავის უღიარებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ჩვენ გვინდა კი იმგვარი „მოქალაქეები“, რომლებიც „ნაციონალურ პროექტებზე“ უარს „აპენდიციტის“ უფასო ოპერაციის შემდეგ ამბობენ?! ამგვარი პროგრამების მიზანი ორმაგია: წმინდად ჰუმანიტარული და, ნუ დავმალავთ, – პოლიტიკური. მათი საშუალებით დამოკიდებულების ცვლილება შესაძლოა და ხდება კიდეც, მაგრამ ნელა, მძიმედ, ეტაპობრივად და ეს სრულიად ბუნებრივია. ხოლო ფუნდამენტურ ცვლილებებს, ბევრი სხვა რამ სჭირდება, რაზედაც ქვემოთ მოგახსენებთ.

რაც შეეხება აფხაზებისათვის ფართო ავტონომიის შეთავაზების საკითხს. ეს ინიციატივა ქართული ხელისუფლებების მიერ მართლაც ბევრჯერ გახმოვანებულა. იყო პერიოდები, როდესაც შევარდნაძე და არძინბა, საკმაოდ ახლოს იყვნენ კონსენსუსთან, მაგრამ მიზეზთა გამო მხარეები შეთანხმებას ვერასოდეს აღწევდნენ; ფართო ავტონომია, ომში გამარჯვებული აფხაზებისთვის საკმარისი არ იყო, კონფედერაციის ნიშნების მქონე ფედერაციაზე კი ჩვენ არ ვთანხმდებოდით.

თუმცა დროებით დავივიწყოთ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებული, რთული საკითხები და დავსვათ რიტორიკული, თუმცა ფუნდამენტური კითხვა – ქვეყანაში რომლის მოქალაქეებიც სარჩო-საბადებლის ძიებაში ნახევარ მსოფლიოს არიან მოდებულნი; სადაც პოლიტიკური ელიტებისთვის სიტყვა – კომპრომისი, საქმედ ჯერ კიდევ არ ქცეულა; სადაც უმცირესობები სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი ხელისუფლებაში; რა უნდა ყოფილიყო აფხაზების სტიმული ამგვარ საქართველოში დაბრუნებისა, ანდა თუნდაც მოტრიალებისა?!

გარდა ამისა ავტორს ყურადღების მიღმა რჩება რიგი აქტივობებისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, ზემოთ ჩამოთვლილი დათმობების პარალელურად ახორციელებდა. ვფიქრობ საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი: 1998 წლის მაისის გალის მოვლენები, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება გალში პარტიზანების ხელით სტატუს-კვოს შეცვლას ცდილობს; 2001 წლის გელაევის რაზმის რეიდი კოდორის ხეობაში, რაც ასევე სამხედრო გზით სიტუაციის მოტრიალების უშედეგო მცდელობად შეგვიძლია მივიჩნიოთ; 90-იანი წლების ბოლომდე, დსთ-ს ფარგლებში ხდებოდა აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა და აფხაზებს ბუნებრივია ეს ახსოვთ; 2004 წლის მაისის მოვლენები ცხინვალის რეგიონში, ე.წ. „ჰუმანიტარული შტურმი“ – მართალია მოვლენები სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ვითარდებოდა, მაგრამ რთული არაა წარმოვიდგინოთ ვინ იქნებოდა „შემდეგი“ ამ ოპერაციის წარმატების შემთხვევაში – შესაბამისი დასკვნები გამოჰქონდათ სოხუმში; 2006 წლის კოდორის ოპერაცია და შედეგად კოდორის ზემო აფხაზეთად გამოცხადება; და ბოლოს – 2008 წლის ქართულ-რუსული ომი, რომელსაც ბევრი სხვა განზომილება გააჩნია, თუმცა ის კი ეჭვგარეშეა, რომ მისი აღქმა სოხუმში მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენეულისგან და „სენტიმენტალური“ პოლიტიკის ჭრილში ნაკლებად განიხილება.

ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს არცერთი ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტებთან მიმართებაში არ იყო ერთგვაროვანი და თანმიმდევრული; თანმიმდევრულად მილიტარისტული, ანდა თანმიმდევრულად მშვიდობაზე, თუ დათმობებზე ორიენტირებული. ჩვენი მიდგომები სამწუხაროდ, და აქ არ შემიძლია არ დავეთანხმო თორნიკეს, ხასიათდებოდა გადამეტებული ემოციურობით, რომელთაც საკმაოდ ფართო ამპლიტუდა ახასიათებდა – დღეს თუ აფხაზები ჩრდ. კავკასიიდან რამდენიმე ასეული წლის წინ ჩამოსულებად და ზოგადად მომხდურებად ცხადდებოდნენ, მეორე დღეს იგივე აფხაზები ქართველთა დებად და ძმებად სახელდებოდნენ.

თეზა 2. მეორე საკითხი, რომელზეც სტატიაში ყურადღება მახვილდება, ქართველთა და აფხაზთა შერიგებაა; ავტორი ამტკიცებს, რომ აფხაზები ბევრად უფრო უნდა იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოსთან საერთო ენის გამოძებნაში, რადგან საქართველო აფხაზებისა და აფხაზეთის გარეშე გადარჩება, ხოლო მათი გადარჩენა ჩვენს გარეშე სათუოა. შესაბამისად ნაბიჯების გადმოდგმა უფრო აფხაზებს მართებთ, ვიდრე ჩვენ.

მართლაც, განსაკუთრებით ბოლო წლებია, აფხაზური „ნაციონალური პროექტი“ სულ უფრო მეტ სირთულეს განიცდის: კორუფცია გადაუჭრელ გამოწვევად რჩება, ეკონომიკური ზრდა არ შეინიშნება, სომხებისა და ქართველების ინტეგრირების პერსპექტივა აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ ბუნდოვანია, აღიარებების რაოდენობამ არათუ იმატა, იკლო; და რაც მთავარია რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და ზოგადად პოლიტიკური დომინაცია აფხაზეთში სულ უფრო მზარდია. პარადოქსულია, მაგრამ აფხაზეთის სუვერენიტეტი, რუსეთის მიერ მისი აღიარების შემდეგ ყოველ წლიურად კლებულობს.

აფხაზეთისაგან განსხვავებით საქართველომ რთულად, ეტაპობრივად, ბორძიკით, მაგრამ მაინც დააღწია 90-იანი წლების ქაოსს, გაიარა სააკაშვილის ხელისუფლების მოდერნიზაციული ეტაპი, დემოკრატიული გზით შეცვალა ხელისუფლება და როგორც თვისობრივად, ასევე ინსტიტუციურად (ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით) სულ უფრო ემსგავსება ევროპულ სახელმწიფოს.

ანუ, საქართველოს განვითარების მოდელი, სულ მცირე ამ ეტაპზე, ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანად გამოიყურება, ვიდრე აფხაზებისა. ამაზე მეც და თორნიკეც ვთანხმდებით, თუმცა დასკვნა, როგორც ჩანს განსხვავებული გამოგვაქვს. სწორედაც რომ ევროპელობა, ევროპული სახელმწიფოებრივი აზროვნება და ამ გზაზე წარმატებული სვლა, გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო თამამი აფხაზებთან მიმართებაში, გადავდგათ რაც შეიძლება მეტი კეთილი ნების ნაბიჯი და მივცეთ საშუალება მათაც, იგრძნონ განსხვავება განვითარების ევროპულ და ევრაზიულ მოდელებს შორის. აფხაზების ნდობის გაზრდა ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ და მითუმეტეს მისკენ მოტრიალება, ვფიქრობ, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი.

წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხავია, რა მოტივი უნდა ამოძრავებდეს რიგით აფხაზს -მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირებული, აფხაზეთზე პასუხისმგებლობის აღების არმოსურნე, სიკეთეების არგამზიარებელი საქართველოსადმი.

დასკვნა

საქართველოს პოლიტიკას არც გადამეტებული სიყვარული და არც ბუტიაობა არ უნდა ამოძრავებდეს (ამ უკანასკნელს ისევ პირველი სჯობს), არამედ – საკუთარ, თუ სხვის გამოცდილებაზე დაფუძნებული, საღი და პრაგმატული გათვლები. სხვისი გამოცდილება (მაგ. კვიპროსის შემთხვევა) გვიჩვენებს, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი, სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობა, ცენტრის სწორი განვითარების პირობებში, შესაძლოა მისკენ მოტრიალდეს.

ჩვენი რეგიონის შემთხვევაში და აფხაზეთის კონტექსტში, ამგვარი ცვლილება შესაძლოა შემდეგმა გამოიწვიოს: ა) საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; ბ) უმცირესობები მაქსიმალურად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე (რაც ანგარიშგასაწევი არგუმენტი იქნება აფხაზებისა და ოსებისთვის).

დაბოლოს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, რუსეთის (ანუ აფხაზეთში ჩვენი მთავარი კონკურენტის) იგივე მაჩვენებელს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს; ხოლო საქართველოს აფხაზეთზე დახარჯული ფული არაფრით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს საქართველოს სხვა იგივე სიდიდის რეგიონის ხარჯებს.

საქართველოს განვითარება და ამით გამოწვეული სიკეთეების აფხაზებისთვის გაზიარება – არის ის ფორმულა, რომელიც ქართულ-აფხაზური საერთო სახელმწიფოს ხელახლა შექმნის პერსპექტივას ლირიკიდან, პოლიტიკურ დღის წესრიგში აბრუნებს.

This post is also available in: English (ინგლისური)