არჩევნები 2017: თბილისის მერობის კანდიდატები სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ
პოლიტიკური რეკლამა მიკროავტობუსებზე. ფოტო: Civil.ge / Eana Korbezashvili
21 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. თბილისი, სადაც ამომრჩეველთა მესამედია რეგისტრირებული, მერს და 50-წევრიან საკრებულოს აირჩევს.
Civil.ge განაგრძობს მკითხველის ინფორმირებას 2017 წლის ადგილობრივი არჩვენების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ახალი ინიციატივის ფარგლებში, Civil.ge მკითხველს გააცნოს თბილისის მერობის კანდიდატთა ხედვებს დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ, რომელიც შეეხება დასაქმებას, სოციალურ დახმარებას, გარემოს დაცვას, ტრანსპორტსა და ქალაქის მართვის საკითხებს.
Civil.ge-მ ხუთი კითხვით მიმართა მერობის 9 კანდიდატს. ჩვენს კითხვებს გამოეხმაურა თბილისის მერობის 7 კანდიდატი, მათ შორის, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), კახა კუკავა (დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო), ზაალ უდუმაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა), კახა კალაძე (ქართული ოცნება) და დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი.
კითხვა: კერძო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა დედაქალაქის მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს. NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საგზაო მოძრაობის პრობლემაზე ყურადღებას რესპონდენტთა 41% ამახვილებს. პარკირების პრობლემაზე გამოკითხულთა 27% უთითებს, 17% კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაზე საუბრობს. მერად არჩევის შემთხვევაში, რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ სატრანსპორტო კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად?
ქვემოთ გთავაზობთ მათ მოსაზრებებს სატრანსპორტო პოლიტიკის თაობაზე.
№2 ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო
ფოტო: facebook.com/tbilisimayor/
თბილისი კომპლექსურ სატრანსპორტო რეფორმას საჭიროებს.
ჩვენ უნდა შევქმნათ ავტომანქანის ალტერნატივა, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვავითაროთ.
უნდა მოხდეს ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება. თბილისისთვის დაახლოებით 800 ავტობუსია საჭირო.
ასევე, უნდა ამოქმედდეს ტრამვაის და საბაგირო ხაზები. ქალაქში უნდა მოწესრიგდეს საფეხმავლო სივრცეები და პარკირება.
№3 კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო
ფოტო: facebook.com/freegeorgia/
ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში მინდა ორ პუნქტი გამოვყო. პირველი გულისხმობს იმას, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, დედაქალაქში მიკროავტობუსები ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს ავტობუსებით. ამისათვის, ჩვენ შევიმუშავებთ ორ-სამ წელიწადზე გაწერილ გეგმას და თავიდან ბოლომდე ჩავანაცვლებთ მიკროავტობუსებს ავტობუსებით. ამავდროულად უზრუნველვყოფთ იმასაც, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც დღეს დასაქმებული არის მიკროავტობუსების სფეროში, ავტომატურად დასაქმდეს ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
რასაკვირველია, გრძელვადიან პერსპექტივაში, თბილისის ცალკეული უბნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მეტროს და ტრამვაის ქსელებიც უნდა განვითარდეს, თუმცა ამისათვის აბსოლუტურად ახალი, რევოლუციური გეგმა გვჭირდება. მოკლევადიან პერსპექტივაში კი, როგორც აღვნიშნე, დედაქალაქი მიკროავტობუსებისგან უნდა განიტვირთოს.
მეორე პუნქტი გულისხმობს იმას, რომ გაუქმდება „სიტი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება, რაც ვერ გააკეთა ვერცერთმა კორუმპირებულმა მთავრობამ, რადგან ყველას შესდის წილი აქედან. ქალაქში იქნება ახალი კონცეფცია შემუშავებული. პარკინგის მართვა გადაეცემა არა ერთ მონოპოლისტ კომპანიას, არამედ იქნება რამდენიმე ათეული კომპანია, რომელთა მთავარი პრიორიტეტი და სახელშეკრულებო ვალდებულება იქნება არა მძღოლების დაჯარიმება, არამედ – ავტოსადგომების მოწყობა.
№5 ზაალ უდუმაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ფოტო: facebook.com/pg/nacionalurimodzraoba/
რატომ მოძრაობს დღეს თბილისში ამდენი ავტომობილი? იმიტომ, რომ არ არის გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ გამართული და კომფორტული ავტოპარკი გვქონდეს, თბილისში ამდენი ავტომანქანა არ ივლიდა.
ავტომფლობელებს უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა, რაც არის გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამისთვის საჭიროა, საკმარისი რაოდენობის ავტობუსი გვქონდეს. ახლა გვაქვს ნახევარი, რაც რეალურად ქალაქს სჭირდება.
№10 გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტია
ფოტო: facebook.com/GiorgiGugavaOfficial/
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოგვარების მიზნით, პირველ რიგში უნდა მოხდეს მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალი შემადგენლობების შემოყვანა, ახალი სადგურების მშენებლობა. შესაძლებელია რუსთავი-თბილისი-მცხეთის ხაზების მშენებლობა, რაც განტვირთავს სატრანსპროტო ნაკადებს რუსთავიდან და მცხეთიდან თბილისში. უნდა მოხდეს კომფორტული ავტობუსების შემოყვანა.
№20 თენგიზ შერგელაშვილი, შენების მოძრაობა
ფოტო: facebook.com/TengizShergelashviliOfficial/
ჩვენი გეგმით, შემუშავდება და განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, მეტრო, ტრამვაი, მიკროავტობუსი, საბაგირო გზა) ერთიანი სატრანსპორტო სქემა, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება მისაწვდომობაზე.
მოხდება მიკროავტობუსების რაოდენობისა და მათი სამოძრაო არეალის ოპტიმიზაცია, თანაც ისე, რომ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სქემა ჩაანაცვლებს მათ, რითაც არსებითად გააუმჯობესებს გადაადგილებას; ყველა ავტობუსი იქნება თანამედროვე, კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო.
აშენდება და ამოქმედდება ტრამვაის ხაზი დელისი-ვაკე-რუსთაველი-ორთაჭალა, დაიწყება დიდუბე-პეკინი-ორთაჭალის ხაზის მშენებლობა;
აშენდება სამი სატრანსპორტო დანიშნულების საბაგირო გზა: სამგორი-ვაზისუბანი, ვაჟა ფშაველა-ნუცუბიძის პლატო, ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის დასახლება;
ყველა სახეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის დაწესდება ერთიანი საბილეთო და სააბონენტო სისტემა, რომელიც შეამცირებს ერთი მგზავრობის საფასურს.
დაინერგება პარკირების სრულიად ახალი მოდელი. ამოქმედდება ზონირების მექანიზმი, ანუ პარკირების საფასური იქნება განსხვავებული ადგილის, დროისა და ავტომანქანის სახეობის მიხედვით.
ტაქსებისთვის დაწესდება რეგულაციები (რეგისტრაცია-გამრიცხველიანების) ჩათვლით. გარდა ამისა, სამუშაო განრიგების სინქრონიზაცია ერთდროულად მომუშავე ტაქსების რაოდენობის შემცირებას მოახდენს. განვახორციელებთ პროგრამას, რომელიც მოახდენს 10 000-მდე ტაქსის ეტაპობრივ ჩანაცვლებას ჰიბრიდული ავტომობილებით.
№41 კახა კალაძე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო
ფოტო: facebook.com/kakhakaladzeofficial/
პირველ რიგში, შეიქმნება სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიანი კონცეფცია, რომლის გათვალისწინება სავალდებულო იქნება სატრანსპორტო მარშუტების დადგენის, ინფრასტრუქტურის მშენებლობის და მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს.
შედგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემა. ქუჩების განტვირთვისა და საცობების შესამცირებლად, შეიქმნება ტრანსპორტის მართვის სისტემა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დააკვირდება სატრანსპორტო მოძრაობას, დაადგენს მოძრაობის შეფერხების მიზეზებს.
განხორციელდება მეტროს მოდერნიზაციის მაშტაბური პროექტი. ავტობუსების პარკი განახლდება თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსებით.
განახლდება მიკროავტობუსების პარკი. ეტაპობრივად მოწესრიგდება ტაქსების სექტორი. განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი.
შეიქმნება ავტომანქანების პარკირების ეფექტიანი სისტემა. მოეწყობა მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირებები.
№42 ალექსანდრე ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი
ფოტო: facebook.com/AlexanderElisashvili/
სამარშრუტო ტაქსები არის გუშინწინდელი დღე, მაგრამ, პირველ ეტაპზე, ამას ხელს ვერ ვახლებთ, იმიტომ რომ სამარშრუტო ტაქსები დღეს პირველი გადამყვანია.
პირველ ეტაპზე სამარშრუტო ტაქსებს პერიფერიულ მარშუტებზე უნდა გადავიყვანოთ. ისინი არ უნდა დადიოდნენ ძირითად მაგისტრალებზე. ქალაქის ცენტრში მხოლოდ, ასე ვთქვათ, ტევადი ტრანსპორტი უნდა მოძრაობდეს.
საბოლოო ჯამში სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება უნდა მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. მეტრო უნდა გახდეს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალი, ხოლო იქ სადაც მეტრო არ არის, ტრამვაის ხაზები უნდა განვითარდეს.