ბათუმის პორტი ნატოს სამხედრო ხომალდებს მასპინძლობს
რუმინული საფლაგმანო ხომალდი Regele Ferdinand ბათუმის პორტში, 3 ნოემბერი, 2017. ფოტო: police.ge
ბათუმის პორტი 3-6 ნოემბერს ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო მეორე შენაერთის (SNMCMG2) ოთხ ხომალდს მასპინძლობს.
ხომალდებს, რომელთა შორისაა საფლაგმანო ხომალდი Regele Ferdinand და ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს.
სამხედრო ხომალდები ბათუმის პორტში 6 ნოემბრამდე დარჩებიან, მათი ეკიპაჟები კი ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ბულგარეთის საელჩოსთან ერთად ხომალდების ჯგუფს მასპინძლობს, განაცხადა 3 ნოემბერს, რომ „შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია“.
ეს უკვე SNMCMG2-ის მესამე ვიზიტია საქართველოში: 2013 წელს ბათუმის პორტს სამი ხომალდი, ხოლო 2016 წელს ოთხი ხომალდი სტუმრობდა.
SNMCMG2-ი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი ნატოს საზღვაო ძალების ცენტრალურ სარდლობას წარმოადგენს.
This post is also available in: Русский (რუსული)