ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია თბილისში, 10 დეკემბერი, 2017. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საზოგადოებრივი ინიციატივის – „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით, 10 დეკემბერს თბილისში, ვარდების მოედანზე გაიმართა აქცია, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა 2017 წლის ივნისში, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და წამალდამოკიდებულ პირთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა მთავრობას პოლიციის სისტემური რეფორმირება და „ჰუმანიზაცია“ მოსთხოვეს, ასევე – მიმართეს პრეზიდენტს, რომ ახალ წლამდე შეიწყალოს ის მსჯავრდებულები, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელს ციხეში იხდიან.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება თავდაპირველად ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას – ითვალისწინებს.
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. გარდა ამისა, სახელმწიფო გახდება ვალდებული, გაატაროს ღონისძიებები, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირებას ითვალისწინებს.
ნარკოპოლიტიკის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა, რომელშიც 41 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობაც“ შედის. შემოთავაზებულ ცვლილებები, საკანონმდელო ინიციატივის სახით, პარლამენტში მმართველი პარტიის ხუთმა დეპუტატმა დაარეგისტრირა, რომელთა შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, და მისი მოადგილე, ლევან კობერიძე, არიან. თუმცა ქართულ ოცნებაში საკითხის თაობაზე კონსენსუსი არ არსებობს, რის გამოც საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ჭიანურდება.
მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის არსებობა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. „ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება. ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „იქნება საკომიტეტო განხილვები, იქნება პლენარულ სხდომებზე განხილვები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები“, – დასძინა მან.
ბოლო წლებში, პოლიტიკურ პარტიები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ.
30 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე გივი შანიძის საკონსტიტუციო სარჩელი და ძალადაკარგულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა (273-ე მუხლი), რომელიც მცირე ოდენობით მარიხუანას პირადი დანიშნულებით მოხმარებისთვის, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გივი შანიძეს სამართლებრივ დახმარებას პოლიტიკური პარტია „გირჩი“ უწევდა.
2015-2017 წლებში, სხვადასხვა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დადგენილი საპატიმრო სასჯელები, თუ საქმე ეხება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ან 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას შეძენა-შენახვას, ასევე – 0.00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის შეძენა-შენახვას.
This post is also available in: Русский (რუსული)