რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამხრეთ ოსეთში ცხრა საარჩევნო უბანი გაიხსნება


მარატ კულახმეტოვი, 18 დეკემბერი. ფოტო: კადრი TV Ir-ის ვიდეომასალიდან

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა და „რუსეთის ელჩმა სამხრეთ ოსეთში“ მარატ კულახმეტოვმა 18 დეკემბერს – რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ოფიციალური დაწყების დღეს – ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან და ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები განიხილეს.

„სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დაახლოებით 98% რუსეთის მოქალაქეებიც არიან“, – მიმართა ბიბილოვმა დამსწრეებს და დასძინა, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო უფლება გამოიყენოს და მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში“. ბიბილოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრები“, რომელიც ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, „ვალდებულია მივიდეს და ხმა მისცეს არჩევნებზე“. 

მარატ კულახმეტოვმა აცნობა დამსწრეებს, რომ რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება „რუსეთის საელჩოს“ დაევალა. „ამ მიზნით, გადავწყვიტე, რომ ცხრა საარჩევნო უბანი გავხსნათ სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა კულახმეტოვმა და დააზუსტა, რომ ხუთი მათგანი ცხინვალში, ხოლო დანარჩენი ოთხი ზნაურის, ჯავას და ახალგორის ცენტრში, ასევე სოფელ დმენისში გაიხსნება.

მან ასევე სთხოვა რეგიონის რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, რომ 15 იანვრამდე მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ზუსტი სიები შეადგინონ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს „შეათანხმოს და დააზუსტოს ეს სიები“.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცხინვალის რეგიონში 36 500 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. რაც შეეხება აფხაზეთს, ამ რაოდენობამ 89 000 შეადგინა.

This post is also available in: Русский (რუსული)