საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.
საია, რომელმაც საჩივარი გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით შეიტანა, მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.
„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს“, – ნათქვამია საია-ს მიერ 12 იანვარს გავრცელებულ პრესრელიზში.
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით ჰკლავენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აფხაზ მესაზღვრეს, რომელსაც ზუგდიდის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასჯელი დაუმძიმა და პატიმრობა 14 წლამდე გაუზარდა. საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ინტერპოლმა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ კანჯიოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა, 2017 წლის 21 აპრილს მის მიმართ აღძრული საქმე შეწყვიტა.
სოხუმის გადაწყვეტილება კანჯიოღლის მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტის თაობაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროკავშირმა დაგმეს, რადგანაც, მათი თქმით, ეს „ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას“.
სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.
This post is also available in: Русский (რუსული)