მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში იქნა დეპორტირებული
უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის ოპოზიციური პარტიის ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერია, კიევში მისი დაკავებიდან მალევე, პოლონეთში იქნა დეპორტირებული.
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს მიგრაციის სახელმწიფო სამსახურსა და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობთ, და დააბრუნეს იმ ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინაში შემოვიდა. იმავე განცხადების თანახმად, სააკაშვილის დეპორტაცია განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ იგი „არალეგალურად იმყოფებოდა“ უკრაინაში.
უკრაინის მიგრაციის სამსახურმა განმარტა, რომ სააკაშვილმა „დაკარგა უკრაინაში დარჩენის სამართლებრივი საფუძვლები“ მას შემდეგ, რაც სასამართლომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამავე სამსახურის თანახმად, სააკაშვილის პოლონეთში დაბრუნება რეადმისიის შესახებ უკრაინასა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა.
პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა სააკაშვილის ჩამოსვლის ფაქტი დაადასტურა. ვარშავამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდა „იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოს მოქალაქის მეუღლეა“.
ვარშავაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ძალის გამოყენებით, „მოტაცებით, მოტყუებით, კერძო თვითმფრინავით“ გააძევეს პოლონეთში.
მან ასევე საქართველოსა და უკრაინის მთავრობები გააკრიტიკა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, „ოლიგარქები“ და „მატყუარები“ უწოდა. „მე გავაგრძელებ ბრძოლას… ამ ოლიგარქების წინააღმდეგ. ორივე დაემხობა და ამ დამხობაში, ამ მოშორებაში, მათ ჩამოშორებაში ხელისუფლებიდან მშვიდობიანში, მე ვითამაშებ, რა თქმა უნდა, გადამწვეტ როლს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: Русский (რუსული)