საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს

საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით 115 ხმით მიიღო ახალ კონსტიტუციაში გასული წლის ნოემბერში ინიცირებული ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ძირითად კანონში ვენეციის კომისიის ცალკეული რეკომენდაციების ასახვას.

ახალ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ძირითადად საარჩევნო სისტემის საკითხებს ეხება. კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება. ასევე, უქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებს. შედეგად, გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომელებიც საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებენ.

გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად დაზუსტდა რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები, ასევე – საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები.

თავდაპირველად ინიცირებულ ცვლილებებთან ერთად, გასული წლის დეკემბერში მეორე მოსმენით განხილვის დროს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილება შევიდა ახალი კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს. სპონტანურად შეტანილ ცვლილებას მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „დღეს დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომლის შედეგად ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი“.

„აღნიშნული რეფორმით, ჩვენ მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩავანაცვლეთ დემოკრატიული კონსტიტუციით, რომელიც, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და აუმჯობესებს ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემას“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ახალი კონსტიტუცია, რომელიც 2017 წლის 13 ოქტომბერს მიიღეს, ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. მასში ცვლილებების შეტანის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა, გასული წლის სექტემბერში, საკონსტიტუციო რეფორმის დასკვნით ეტაპზე, კანონპროექტის საბოლოო ტექსტში, ცალკეული ინიციატივების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა ვერ შეძლო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)