რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდ“-თან ინტერვიუში, რომელიც საგარეო უწყებამ 22 აპრილს გამოაქვეყნა, ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკა გააკრიტიკა და მოუწოდა მას, რომ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიაროს.
ზახაროვამ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდგომი იმედები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე „წარმატებულად განხორციელდა“. „აღდგა და მრავალჯერადად გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, აღდგა საავიაციო და სახმელეთო ტრანსპორტი, მოიხსნა 2006 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედი სავიზო შეზღუდვები, საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები ფართოდ ვითარდება“.
პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ „ნორმალიზაციის პროცესს ყველა არ მიესალმა საქართველოში და განსაკუთრებით მის ფარგლებს გარეთ“. მისი თქმით, „გასაკვირი არ არის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ“. ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ინციდენტის თაობაზე „ცინიკურ პროპაგანდისტულ სპეკულაციებს“ არ უმოქმედია ურთიერთობებზე და რომ „ნორმალიზაციის ყველა შედეგი მთლიანად შენარჩუნებულია“.
რუსეთის საგარეო უწყების პრესპიკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 9 აპრილის მიმართვაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა საპასუხოდ, რომ მოსკოვი ვერ განიხილავს თბილისთან ისეთ საკითხებს, რომლებიც „რუსეთ-საქართველოს ორმხრივ დღის წესრიგს სცდება“, მათ შორისაა არჩილ ტატუნაშვილის „სამწუხარო ინციდენტი“.
„ჩვენ შევთავაზეთ ქართველ პარტნიორებს, რომ ეს საკითხი სამხრეთ ოსურ მხარესთან განეხილათ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ თბილისი თავს იკავებს ამისგან. „ისინი კვლავ რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ არ შეუძლიათ და არ სურთ აფხაზებთან და ოსებთან თავაზიანი დიალოგი აწარმოონ“.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ განცხადებები „ძმურ სიყვარულსა და შერიგებაზე“ წინააღმდეგობაში მოდის თბილისის „მტრულ დამოკიდებულებასთან“, მათ შორის ორი რეგიონის საერთაშორისო კულტურული და სპორტული კონტაქტების თაობაზე.
ის, რომ საქართველოს მთავრობის მომსახურებების გამოყენება არ იქნებოდა საქართველოს მოქალაქეობის დასტურის ან მიღების მანიშნებელი, ზახაროვას თქმით, იმის აღიარებაა თბილისის მიერ, რომ „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები არ აღიარებენ საკუთარ თავს და არც სურთ, რომ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, თუნდაც გულუხვი დაპირებების სანაცვლოდ“.
„ამ პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტის აღიარება იმედს გვაძლევს, რომ თბილისში დროთა განმავლობაში შეძლებენ სრულად გაიაზრონ და მიიღონ პოლიტიკური რეალობა, რომ საქართველოს მეზობლები არიან ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო – აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. რაც უფრო სწრაფად გაიგებენ ამას თბილისში, მით უფრო უკეთესი იქნება საქართველოსთვის და რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა მან.
პრესსპიკერი ასევე შეეხო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს და განაცხადა, რომ მედიის ინფორმაცია „საზღვრის გადმოწევის“ თაობაზე არასდროს დადასტურებულა და „რამდენჯერმე ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც უარყო“.
ზახაროვას თქმით, საქართველოს ხელისუფლება „ნამდვილად რომ ზრუნავდეს სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობაზე“, ამ საკითხის მოგვარება ადვილად იქნებოდა შესაძლებელი ცხინვალთან „საზღვრის დემარკაციის“ შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის გზით.
ინტერვიუში ზახაროვამ ასევე ისაუბრა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე და განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყება „არ გამორიცხავს“ ასეთ შესაძლებლობას, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ორმა ქვეყანამ „უნდა ითანამშრომლოს უსაფრთხოების და კონტრტერორიზმის საკითხებზე, რისი გაკეთებაც საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ სურს“.
This post is also available in: Русский (რუსული)