ლგბტ აქტივისტების აქცია პარლამენტთან
რამდენიმე ათეული ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსსექსუალი) აქტივისტი და მათი მომხრეები 18 მაისს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, რათა პროტესტი გამოეხატათ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც წინა დღით ჰქონდა ადგილი, როდესაც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ლგბტ აქტივისთა მსვლელობას გზა გადაუღობეს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა, მათმა მომხრეებმა და სასულიერო პირებმა. რამდენიმე უმნიშვნელო დაძაბული მომენტის მიუხედავად პარლამენტის წინ გამართული ერთსაათიანი აქცია ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ მშვიდობიანად დასრულდა. რამდენიმე გამვლელი ეცადა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა აქციის მონაწილეთათვის, თუმცა სერიოზული ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. ერთ მომენტში პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს გაარიდეს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რათა მის მხრიდან დაწყებულ სიტყვიერ შეურაცხყოფებს გართულება არ მოჰყოლოდა. ახალგაზრდამ საბოლოო ჯამში ქაშუეთის ეკლესიას შეაფარა თავი, რომლის მოძღვარიც ეკლესიის მხარეს შეკრებილ ადამიანებს აფრთხილებდა, რომ არ მიკარებოდნენ პარლამენტის წინ გამართულ აქციას, რათა ადგილი არ ჰქონოდა შესაძლო „პროვოკაციებს“ ლგბტ აქტივისტების მხრიდან.