თბილისის საბაგირო

თბილისში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა, რომელიც კომპანია Leitner Ropeways–მა დაამონტაჟა. ახალი საბაგირო ძირითადად ტურისტების მოზიდვისთვის არის გამიზნული და რიყის პარკს ნარიყალას ციხეს აკავშირებს. საბაგიროზე 8 მგზავრისთვის გათვალისწინებული გონდოლებია დამონტაჟებული, საიდანაც მგზავრებს ძველი თბილისის ხედების ნახვა შეუძლიათ. თბილისის მერია ძველი საბაგიროების აღდგენას და რამდენიმე ახალი მარშრუტის დამატებასაც გეგმავს, რათა საბაგირო გზა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდეს. საბჭოთა პერიოდში თბილისში ექვსი საბაგირო გზა ფუნქციონირებდა და ამჟამად არც ერთი მათგანი არ მუშაობს; უმეტესობა მათგანმა ფუნქციონირება 90–იან წლებში შეწყვიტა, ხოლო უკანასკნელმა საბაგირო გზამ, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს კუს ტბას უკავშირებდა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა მუშაობა. 1990 წელს სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა რუსთაველის გამზირის და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად.