ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესი დვანში

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ დვანში ბოლო დროს, ძირითადად, თბილისიდან ჩასული სხვადასხვა ჯგუფები საპროტესტო აქციებს მართავენ „მცოცავი ოკუპაციის“ დასაგმობად იმ ფონზე, როდესაც რუსი სამხედროები ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესს განაგრძობენ. მავთულხლართები რამდენიმე სხვა სოფელშიც გაივლო, მათ შორის დიცსა და დიდ ხურვალეთში. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, რადგანაც მათი სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ბაღები გაიყო, ხოლო სამი ოჯახის კუთვნილი სახლები გამყოფი ღობეების მიღმა დარჩა იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის კონტროლს არ ექვემდებარება. რუსეთი და სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამყოფი ხაზის გადმოწევა ხდება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. მათი თქმით, „სახელმწიფო საზღვარი“ საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად ივლება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსული საოკუპაციო ძალების ეს უკანონო ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო ნორმებს. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თბილისი „პროპაგანდისტულ ისტერიას“ აღვივებს. ნატომ და შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით, ხოლო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა მოსკოვს ამ ბარიერების მოხსნისკენ მოუწოდა.