პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) 10 მარტიდან სტუდენტების ერთი ნაწილის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მომიტინგეები ითხოვენ, რომ თსუ–ს კანცლერობის ერთადერთმა კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა და უარი თქვას ამ პოსტის დაკავებაზე. კანცლერი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, რომელიც თსუ–ს ყოველდღიურ საქმიანობას და ფინანსებს კურირებს. მოთხოვნებს შორისაა ასევე უნივერსიტეტისთვის „რეალური ავტონომიის“ მინიჭება, უსაფრთხოების ოფიცრების ე.წ. „ოდეერების“ დანიშვნის პრაქტიკაზე უარის თქმის გზით; „ოდეერები“, როგორც ზოგიერთები აცხადებენ, გავლენას ახდენენ სტუდენტურ თვითმმართველობაზე, რომელსაც ასევე აკრიტიკებენ მომიტინგეები. საპროტესტო აქციის მონაწილეებს უკვე მესამე დღეა დაკავებული აქვთ თსუ–ს პირველი კორპუსის კორიდორი.