სტუდენტი აქტივისტების საპროტესტო მსვლელობა
სტუდენტურმა მოძრაობამ „აუდიტორია 115“–მა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მმართველობის სისტემის და ზოგადად, განათლების სისტემის რეფორმისთვის კამპანიას უდგას სათავეში, 25 აპრილს თსუ–დან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. მსვლელობის მიზანი, როგორც „აუდიტორია 115“აცხადებს, მათ ზოგიერთ წევრზე ზეწოლის გაპროტესტება იყო. ერთ–ერთი აქტივისტის თქმით, მის მამას უსაფრთხოების სამსახურიდან შემოუთვალეს, რომ ის სამსახურს დაკარგავდა, თუ მისი ქალიშვილი სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობას გააგრძელებდა. სტუდენტური მოძრაობის სახელწოდება იმ აუდიტორიის ნომერს უკავშირდება, სადაც მომიტინგე სტუდენტები მარტში ერთკვირიანი აქციის დროს იყვნენ შეკრებილები თსუ–ს პირველ კორპუსში. სტუდენტურმა მოძრაობამ მაშინ აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მთავრობას ერთთვიანი ვადა მისცა რეფორმის დღის წესრიგზე შესათანხმებლად, მათ შორის იყო სტუდენტური თვითმმართველობის გადასინჯვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოძრაობამ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს წინადადებები ვერ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს, „აუდიტორია 115“–ის აქტივისტებმა 16 აპრილს საპროტესტო აქცია განაახლეს და თსუ–ს ერთ–ერთი შენობა დაიკავეს. მეორე დღეს მომიტინგეებმა შენობის ბლოკირება მოხსნეს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თავად ეახლა სტუდენტებს და დაპირდა, რომ მათი პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებდა. პრემიერ–მინისტრსა და სტუდენტებს შორის მომდევნო შეხვედრა ერთ კვირაში, 23 აპრილს გაიმართა, რომლის დროსაც აქტივისტებმა უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, როგორც ისინი აღნიშნავენ, მათზე ზეწოლის საკითხიც წამოწიეს.