თბილისში ვეგანურ კაფეზე თავდასხმა მოხდა
თბილისში ვეგანურ კაფეს, სახელწოდებით „კივი“, 29 მაისს დაახლოებით 12 ადამიანი დაესხა თავს, სავარაუდოდ, სიძულვილის მოტივით. თავდამსხმელები, რომლებიც თვითმხილველების და კაფეს თანამშრომლების თქმით, ულტრა–ნაციონალისტური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, მწვადებს და სოსისებს იქნევდნენ და კაფეს თანამშრომლებს და სტუმრებს ესროდნენ. კაფე „კივიმ“, რომელიც ძველ თბილისში შარშან გაიხსნა, განაცხადა, რომ თავდასხმის მიზეზი არა კაფეს ვეგანიზმი იყო, არამედ მისი ალტერნატიული ცხოვრების სტილი და ლგბტ თემის მიმართ ლოიალობა. მას შემდეგ, რაც ჩხუბმა ქუჩაში გადაინაცვლა, ხმაურმა მეზობლები გარეთ გამოიყვანა, რომელთაც, „კივის“ თქმით, „ფაშისტების“ მხარე დაიჭირეს და რომლებიც „კაფის გახსნიდან მოყოლებული“ პერმანენტულად იჩენენ „ნეგატიურ დამოკიდებულებას“ კაფეს მიმართ „მხოლოდ იმიტომ რომ კაფე, მისი პერსონალი, მეგობრები, მხარდამჭერები, ტურისტები და უბრალოდ სხვა და სხვა ტიპის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ კაფეს, არ ჯდებიან მათ მიერ განსაზღვრულ ნორმებსა და სტანდარტებში“. პოლიციის მისვლის მომენტისთვის თავდამსხმელები ადგილზე უკვე აღარ იყვნენ. „კივის“ განცხადებით, ერთ-ერთი პოლიციელი მოსვლისთანავე ნეგატიურად განეწყო კაფეში მყოფი ახალგაზრდების მიმართ და სიტუაციის ყოველგვარი გაცნობის გარეშე განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტში ბრალი კაფეში მყოფებს მიუძღვით. კოალიციამ „არა ფობიას“ დაგმო თავდასხმის ფაქტი და განაცხადა 31 მაისს, რომ აგრესიულ ულტრანაციონალისტურ დაჯგუფებებს „ირიბად ახალისებს სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი რეაგირება ან სრული გულგრილობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და კანონდარღვევების მიმართ“. ინფორმაცია სათაურით „სოსისებით შეიარაღებული“ და „ხორცით შეიარაღებული“ ექსტრემისტები თბილისში ვეგანურ კაფეს დაესხნენ თავს უამრავ დასავლურ მედია საშუალებაში დაიბეჭდა, მათ შორის მომხდარი გააშუქა BBC-მ, Deutsche Welle-მ, ITV-მ, The New York Times-მა, Newsweek-მა, ასევე რადიო „თავისუფლებამ“.