რელიგიური სიმბოლოების ხელყოფისთვის სასამართლომ „აიისა” 500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა” პროდუქციის რეკლამაში გამოყენებული “რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებებისთვის” სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული წესით 500 ლარით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე დაიწყო. ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი განცხადებით ორგანიზაცია „ქართულმა იდეამ” 27 მარტს მიმართა.
ორგანიზაციის წერილის თანახმად, კომპანია „აიისას” მიერ პრეზერვატივზე დატანილი წარწერები და გამოსახულებები, მათ შორის: ,,სამეფო კარი თამარში“, “პრეზერვატივზე გამოსახული ადამიანის ხელი”, „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა“ და „ძლევაჲ საკვირველი“ არღვევს მართმადიდებელი მოსახლეობისა და ეკლესიის უფლებებს.
ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომაც გაიზიარა და დაადგინა, რომ, კომპანია „აიისა” – ს პრეზერვატივებზე განთავსებული „არაეთიკური წარწერები და გამოსახულებები” არღვევს „ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს”, ასევე „ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს”.
სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ჯარიმასთან ერთად, კომპანიას პროდუქციაზე „არაეთიკური რეკლამების” განთავსება და გავრცელებაც აეკრძალა.
გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა მოპასუხე მხარის ადვოკატმა გიორგი მშევენიერაძემ და განაცხადა, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ეს არის დაბრუნება შუა საუკუნეების ინკვიზიციაში, რომელსაც დღეს საქართველოს სახელით გვაცნობს თბილისის საქალაქო სასამართლო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა ფარატინა ქაღალდად”, – თქვა კომპანიის ინტერესების დამცველმა.
მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, „ამაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა”.
სასამართლოს გადაწყვეტილება მოიწონა „ქართული იდეის” ლიდერმა ლევან ჩაჩუამ. მისი განმარტებით, „ეს არის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი, როდესაც სასამართლომ დააჯარიმა ჩვენი ღირსების შეურაცხყოფის და ჩვენი რელიგიური გრძნობების შელახვისთვის ინდმეწარმე”.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლებამ „არ [უნდა] შეურაცხყოს სხვა ადამიანები”. მისივე თქმით: „რა თქმა უნდა, მიჯნის გავლება ძალიან რთულია. ორივე სიკეთე უნდა დავიცვათ, მაგრამ ამ ორ სიკეთეს შორის ბალანსის დაცვა ყველა მოქალაქეს ევალება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)