ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი მზადდება
საქართველოს მთავრობა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო სარჩელს ამზადებს.
ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ 8 მაისს გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ სარჩელის მომზადება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან მალევე დაიწყო.
„ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ იმ ყველა პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის შანსებს, და, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ერთი დღით ადრე, ხელისუფლებას საქმის დროული გამოძიების მიზნით, საერთაშორისო მექანიზმების ჩართვისკენ და სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისო სარჩელის შეტანისკენ მოუწოდა.
ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ცალკე, ინდივიდუალურ სარჩელს ამზადებს თავად ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რომელიც ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს, 8 მაისს პრესკონფერენციაც გამართა, რომელსაც გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამაც ესწრებოდა.
ცენტრის იურისტის თამარ ავალიანის თქმით, მათ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან გარკვეული „პრეტენზიები“ აქვთ.
„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ორ თვეზე მეტია ექსპერტიზას აწარმოებს და ექსპერტიზის მიმდინარეობის შედეგებთან დაკავშირებით, ოჯახს ინფორმაცია არ აქვს… ექსპერტიზა არის სრულიად ბურუსით მოცული, არის დიდი ინფორმაციული ვაკუუმი“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.
მან ისიც არ გამორიცხა, რომ თუ ქართული მხარე საქმეს დროულად არ გამოიძიებს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგაც შევიდეს. „იმიტომ გვინდა გამოძიება იყოს ეფექტიანი და სრულყოფილი, რომ ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა არ მოგვიწიოს“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გადმოეცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)