პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯრომარეს შორის შეწყალების თემაზე დაპირისპირება გრძელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შორის, შეწყალების უფლების გამოყენების თემაზე დაპირისპირება გრძელდება.

უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 მაისს, საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი „შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში” დაადანაშაულა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების ხშირად გამოყენებას, „თეორიულად”, შემდეგი სამი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს: “უპასუხისმგებლო დამოკიდებულება”, „კორუფცია” ან „სამართალდამცველი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა”.

კობახიძის ბრალდებებს მალევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდეს. „ეს არის ძალიან დიდი ხიფათის შემცველი განცხადებები… ამიტომ ბატონი თავმჯდომარე უნდა მივიდეს პროკურატურაში და რა ინფორმაციასაც ფლობს აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში უნდა ჩააყენოს”, – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ურთიერთბრალდებები მიმდინარე კვირაშიც გაცვალეს. 8 მაისს ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრობისას, გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ მას ბრალი არა რიგითმა მოქალაქემ, არამედ ქვეყნის მეორე პირმა, საპარლამენტო ტრიბუნიდან დასდო.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, კორუფციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის ბრალდება სისხლის სამართლებრივი დევნისა და იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, „ის ხალხი [ვინც ბრალი დამდო, რატომღაც] არ მიდის პროკურატურაში და არ აწყობს იმპიჩმენტს”.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, იმავე საღამოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერიდან უპასუხა და პრეზიდენტის მხრიდან სისხლის სამართლის საქმეზე საუბარი „სპეკულაციად” და „აქცენტის გადატანის მცდელობად” შეაფასა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისი განცხადება „პოლიტიკური ბრალდება” და პრევენცია იყო, „იმისთვის, რომ მომავალში იგივე არ განმეორდეს.”

„რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ამის საფუძველი არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ კორუფციას სჭირდება მტკიცებულებით დადასტურება და იქ იყო საუბარი სამიდან ერთ-ერთ თეორიულ ვარაუდზე”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტი შეწყალების უფლების არასათანო გამოყენებაში მიმდინარე წლის აპრილშიც დაადანაშაულეს. კრიტიკული განცხადებები მას შემდეგ გაისმა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თბილისში, 13 აპრილს, 25 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ერთი წლით ადრე გათავისუფლდა.

ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და ოპონენტები პრეზიდენტის წინააღმდეგ „შავი პიარის” აგორების მცდელობაში დაადანაშაულეს. კრიტიკის საპასუხოდ, გიორგი მარგველაშვილმა ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალება დროებით შეწყვიტა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)