საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დღეს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტებს შორის, ხალხის ყველაზე მაღალი ნდობით [სრული ან უფრო მეტი] – 76 %-ით ეკლესია სარგებლობს, ყველაზე დაბალი ნდობა კი – 17 %, პარლამენტს აქვს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 3-28 მარტის პერიოდში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით, 1 843 ადამიანი გამოკითხა. ანგარიშის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილება 2.8% – ია.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 41 % – ის ნდობა აქვს პრეზიდენტს, 36 %-ის ნდობით კი, პოლიცია სარგებლობს. ადგილობრივ ხელისუფლებას 32 % ენდობა, პრემიერ-მინისტრს 27 %, სასამართლოსა და მედიას კი 20-20 %.
რაც შეეხება სამართალდამცველ ინსტიტუტებს, გამოკითხული მოსახლეობის 57 % მიიჩნევს, რომ პროკურატურა მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება. იმავეს ფიქრობს მოსახლეობის 55 % შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე. გამოკითხულთა 18 % – ს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. 18 % – ის მოსაზრებით კი, სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებული რეიდები გაუმართლებელია.
გამოკითხული მოსახლეობის 52 % – ის მოსაზრებით საჯარო მოხელეების მხრიდან საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენება ნაწილობრივ, ან ძალიან გავრცელებულია.
გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის 58 % – ის აზრით, სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. 51 % ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მიკერძოებულია. 35 % – ის აზრით კი, კორუმპირებული. ამასთან, 80 % – ის მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში ის ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ, რომლებიც წარსულში, პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
გამოკითხვა ნარკოტიკების თემასაც შეეხო. გამოკითხულთა 72 % მიიჩნევს, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში სასჯელს არ უნდა იხდიდნენ. იმავეს ფიქრობს გამოკითხულების 56 % ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებზეც. 43 % – ის აზრით კი, საპატიმრო სასჯელი არც ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებისთვის უნდა არსებობდეს.
გამოკითხულების 45%-ის მოსაზრებით, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადების მეთოდს იყენებენ.
რაც შეეხება საჯარო სამსახურებში არსებულ კორუფციას, გამოკითხულთა მხოლოდ 1 % ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, სახელმწიფო მომსახურებისთვის მან ან მისი ოჯახის წევრებმა ფულადი ან სხვა სახით, ქრთამი გადაიხადა.
მსგავსი გამოკითხვა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაკვეთით, 2016 წელსაც ჩაატარა. წინა გამოკითხვასთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ნდობა, 3 პროცენტული პუნქტით კი პარლამენტისადმი. 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა პრეზიდენტის ნდობის მაჩვენებელიც. უცვლელი დარჩა პოლიციისადმი ნდობა. პრემიერის ნდობის მაჩვენებელი კი, 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)