ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ერთხმად აირჩიეს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობაზე, დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. პარტიის ყრილობა მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ „ანდერვილში“ დღეს გაიმართა.
თავმჯდომარის არჩევამდე, დელეგატებმა ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს, რომელთა შორის არიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ასევე, დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ტრიპოლსკი და ბიძინა გეგიძე. განახლებულ პოლიტიკურ საბჭოში შედიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.
პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელებს სიტყვით მიმართა.
„მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა“, – ასე დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე თავისი გამოსვლა, რომელსაც დელეგატებთან ერთად, მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
„დიახ, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როდესაც შენს ხალხზე, ქვეყანაზეა საუბარი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, საკუთარ თავთან გაჯიუტება არასწორია“, – აღნიშნა პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ.
„რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ, საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი? რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება ჩემგან მკაფიო პასუხს ელის და მეც მზად ვარ, ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა და პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებად ქვეყანაში ასრებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოპონენტების მხრიდან მომდინარე „უკიდურესად დესტრუქციული მუხტი“ და ხელისუფლების შიგნით არსებული „სუსტი“, მაგრამ „არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“ დაასახელა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს გარკვეულწილად ის ქმნის, რომ ქვეყენაში ევროპული ხარისხის დემოკრატიაა, რასაც ბევრად „ჩამორჩება“ ეკონომიკური განვითარების დონე. „ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მეორე მიზეზზე საუბრის დროს, პარტიის ახლადარჩეულმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია“.
„ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის, გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზების და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით არის შეპყრობილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ხალხის ნდობის არქონის გამო, ისინი [ოპოზიცია] დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას ვერ ხედავენ და ამიტომაც ისეთი განწყობის შექმნას ცდილობენ, როდესაც არეულობა ხალხს სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს“.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, სწორედ ამის გამო და ქვეყანის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, „ხელისუფლების შიგნით გაურკვეველი დაპირისპირება დაიწყო, რაც პოლიტიკური გუნდისთვის მისაღები დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს გასცდა“.
„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მითუმეტეს, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის, თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა“, – განაცხადა პარტიაში ბოლო დროს არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილმა.
მან მედიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მედიის თავისუფლების მკვეთრმა ზრდამ, სიკეთესთან ერთად, „სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის“ დიდი სმძლავრით ამუშავება განაპირობა. მისივე თქმით, „რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ეგრეთწოდებული ექსპერტები, უიმედობის, სასოწარკვეთილებისა და შიშის ატმოსფეროს მიზანმიმართულად ნერგავენ“.
„სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა, პრაქტიკულად, საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ უპასუხა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს მშვიდობა, შეინარჩუნოს სტაბილური, უსაფრთხო და კონკურეტუნარიანი გარემო თითოეული მოქალაქისთვის.
ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანის მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღარ ასრებობს ელიტური კორუფცია, ბიზნესი თავისუფალია, არ არსებობს მონოპოლიზებული სფეროები, იზრდება ეკონომიკა, „პროგრესია“ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცველი ორგანოების „დეპოლიტიზების კუთხით“.
საგარეო პოლიტკაზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „არასოდეს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ახლა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო „გაღრმავდა ურთიერთობა“.
რუსეთთან მიმართებით, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ რუსეთთან ურთიერთობის „დეესკალაცია“ მოხერხდა. „ვიმედოვნებთ, რომ [რუსეთთან] საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა“, – აღნიშნა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ.
მან ახალ კონსტიტუციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიღებულია „ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული, ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი“.
„მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი! ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი! ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ! სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში!“, – ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)