ღამის ორ კლუბში ჩატარებული რეიდების შედეგად პოლიციამ რვა პირი დააკავა
სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ორ ღამის კლუბში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ რეიდები ჩაატარეს მას შემდეგ, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკების მიღების შედეგად გარდაცვალების ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა.
სამართალდამცველები ღამის კლუბებში დაახლოებით ღამის 1 საათზე შევიდნენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შეიარაღებული პოლიციელები შენობაში შედიან ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა სპეცოპერაციიდან მალევე, რომ „აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ორივე კლუბის წინ რამდენიმე ასეული ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებიც ეუბნებოდნენ ჟურნალისტებს, რომ პოლიციამ მათ წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა. ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ პოლიციას შესაძლოა ჩხრეკის დროს მათთვის ნარკოტიკები ჩაედო.
ოცამდე ადამიანი იქნა დაკავებული კლუბების მახლობლად სამართალდამცველების მიერ, როდესაც ისინი მიმდებარე ქუჩების გადაკეტვას ცდილობდნენ. მოგვიანებით, ორივე ჯგუფმა პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა, სადაც პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად კიდევ რამდენიმე პირი იქნა დაკავებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)