ქართველი პოლიტიკოსები თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდების შესახებ
სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ორ ღამის კლუბში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ 12 მაისს ღამით რეიდები ჩაატარეს მას შემდეგ, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკების მიღების შედეგად გარდაცვალების ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა.
ღამის კლუბებში ჩატარებულმა რეიდებმა უფლებადამცველი ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების მწვავე კრიტიკა გამოიწვია; ათასობით მომიტინგე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და მთავრობის წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ქვემოთ მოცემულია ქართველი პოლიტიკოსების რეაგირება სამართალდამცველების ქმედებებზე.
თბილისის მერი კახა კალაძე: მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები… მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება, და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს. თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რომელიც არის ძალიან სამწუხარო… მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ურტყამს, თუნდაც, კლუბურ მუსიკას, ურტყამს კონკრეტულ ახალგაზრდებს; ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქალაქეები და აქ მე დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოსულები არიან და მართავენ აქციას, დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: პირველ რიგში, მე მინდა გამოვხატო პატივისცემა ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, რომელიც დგას რუსთაველზე თავისუფლების დაცვის იდეით და მინდა გამოვხატო პატივისცემა შეკრების თავისუფლების მიმართ… რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა გუშინ და დღეს თბილისში, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება და გუშინ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინტერესების დაცვას. იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით და ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა. კლუბებშიც არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც არის კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება.
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქართული ოცნება: გუშინ მე თვალყურს ვადევნებდი მთელი ღამის განმავლობაში და რა თქმა უნდა, სიამოვნებით ამას არ ვუყურებდი, მაგრამ ის, რაც მოხდა, ჯობდა ამის საჭიროება არ დამდგარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში მასიურად მიმდინარეობს პოპულარიზაცია ნარკოტიკების და ნარკოტიკების მოხმარებამ მიიღო უკონტროლო ხასიათი; იყო ფაქტები ზედოზირების, იყო გარდაცვალების ფაქტები. ასე რომ, მე ვფიქრობ, აქ არის აუცილებელი ჩარევა. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე მათთვის საყვედურიც მაქვს, უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო აქტიური ქმედება.
დეპუტატი აკაკი ზოიძე, ქართული ოცნება: რაც შეეხება სპეცოპერაციის მიზანს, თუ საგამოძიებო ქმედებებს, რომელიც გუშინ ჩატარდა, ამასთან დაკავშირებით არავის კითხვის ნიშნები არ აქვს და ვერც ექნება იქიდან გამომდინარე, როდესაც საშიში სინთეზური ოპიატებია შემოსული ამ ქვეყანაში, გარკვეული შემადგენლობის, რომელიც მომაკვდინებელი ნივთიერებაა და რომელიც წლების განმავლობაში კი არა, არამედ საათების განმავლობაში კლავს იმიტომ, რომ ზედოზირების რისკი მაღალია. ამიტომ ამ კუთხით ის, რომ დააკავეს 8 ნარკორეალიზატორი, ამას მხოლოდ მივესალმები, ისევე როგორც ამ ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გააქტიურებულ ბრძოლას ნარკორალიზატორთან და არალეგალურ ტრეფიკთან ნარკოტიკების. რაც შეეხება ფორმასთან მიმართებაში, რამდენად აუცილებელი იყო სპეცოპერაციის ფორმით ამის ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იქ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, ქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღეკვეთათ სწორედ ამ საშიში ნივთიერების გავრცელება, მაგრამ მე მაინც უფრო ბევრი დეტალი დამჭირდებოდა იმისთვის, რომ დავრწმუნდე ამ შემთხვევაში ეს პოზიტიური შედეგი, რაც მივიღეთ ნარკორეალიზატორის დაკავებით, გავრცელების აღკვეთით და ახალგაზრდების პოტენციური სიკვდილის პრევენციით, რეალურად ეს გადაწონის ნეგატიურ შედეგს.
ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: არავინ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტროს და, ზოგადად, სახელმწიფოს უფლებასაც და ვალდებულებასაც, ებრძოლოს ნარკოტიკების უკანონო რეალიზებას, მაგრამ ფორმები, ადგილი და მეთოდები, როგორ განხორციელდება ეს ბრძოლა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი … აუცილებლობა სპეცოპერაციის, ისევე როგორც მისი ყველა ნაბიჯი, უნდა გახდეს შესწავლის საგანი, არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ საპარლამენტო ფორმატშიც.
ზურაბ ჯაფარიძე, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი: ის, რაც ვნახეთ ჩვენ ყველამ გუშინ, მოვლენები როგორც განვითარდა ჯერ „ბასიანთან“, შემდეგ პარლამენტის შენობის წინ, ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი, ალბათ არავინ ქვეყანაში მსგავს ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან, პოლიციის მხრიდან არ ელოდა. გარდა იმისა, რომ ეს არის თავდასხმა კონკრეტულ ბიზნეს სექტორზე და გარდა იმისა, რომ პოლიცია ცდილობს, ეს ქმედებები, რაც მათ ჩაიდინეს, “გააპრავონ”, რომ მათ ნარკორეალიზატორები დაიჭირეს, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების, ადამიანებს როგორ ურტყამდნენ, როგორ ტენიდნენ მანქანაში… გუშინ ძალიან გასაგებად სახელმწიფომ და კონკრეტულად ამ ხელისუფლებამ გაგვცა კონკრეტული პასუხი, ვისაც იმედი ქონდა, რომ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება, გვითხრეს არა უბრალოდ არა, არამედ პირიქით გვითხრეს, რომ უფრო ველურები და უფრო თავხედურები ვიქნებით, ვიდრე აქამდე ოდესმე ვყოფილვართო და ეს გვანახეს გუშინ ღამე.
ზაალ უდუმაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ებრძვის ან არ ებრძვის რეალურად იმ მომაკვდინებელ ნარკოტიკს, რომელმაც უახლოეს დღეებში რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და ამის სანაცვლოდ განახორციელეს შტურმი თბილისის კლუბებზე და ეს უფრო იყო, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოებისთვის დადგმული სპეცოპერაცია, რათა რაღაც ძალის დემონსტრირება მოეხდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
დეპუტატი ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო: ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ, პატიოსან, წესიერ მოქალაქეებზე და ქალაქის სტუმრებზე თავდასხმა და ძალადობა. ეს იყო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების, შეკრების თავისუფლების და, ზოგადად, შუა ქალაქში მოაწყვეს, უბრალოდ, რბევა თავისუფალი ადამიანების. ჩვენ, ერთი მხრივ, ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს კრიმინალის პრობლემა და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ზუსტად ამ კრიმინალის ზრდას. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან ნარკოტიკისგან და ესეც არის არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგი და ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამას ებრძოლოს ხელისუფლება, ისინი გადავიდნენ თავისუფალი, წესიერი მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე.
თამარ კორძაია, რესპუბლიკური პარტია: რვა ადამიანის დაკავებას მსგავსი ტიპის სპეცოპერაციები არ სჭირდება. ესეთი სპეცოპერაციები ტარდება ტერორისტების წინააღმდეგ და გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო სწორედაც რომ ძალის დემონსტრირება და ეს დაემთხვა ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და ამას მოყვება საპასუხო რეაქცია იმიტომ, რომ არცერთი ახალგაზრდა, არცერთი ადამიანი საქართველოში უკვე ამ მეთოდებს არ მიიღებს. დასრულდა საბჭოთა მეთოდებით მმართველობა ამ ქვეყანაში.
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: ორ წელიწადში ერთხელ კამპანიურად რამდენიმე ნარკორეალიზატორის დაკავება, ეს არ არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ვართ ნარკოტრანზიტის ქვეყანა, ამიტომ, აუცილებელი არის დაკავებული იქნეს და დაიწყოს ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ტრანზიტით და იმპორტითაა დაკავებული, ვისაც შემოაქვს ნარკოტიკები საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დისტრიბუტორების დაკავება არაფერ შედეგს არ გამოიღებს.
სერგი გვარჯალაძე, თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი: ეს არის ძალიან ცუდი ფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. არ ვიცი რა მიზეზი ჰქონდა პოლიციას … ფაქტია, რომ არავისთვის ასეთი სიტუაცია არ არის მომგებიანი, ის დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)