შს მინისტრი და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ორი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრა, ორი სამუშაო ჯგუფის შექმნის შეთანხმებით დასრულდა, რომელთაგან ერთი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შემუშავებაზე იმუშავებს, ხოლო მეორე 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობის და შესაძლო გადაცდომების საკითხს შეისწავლის.
გუშინ საპროტესტო აქციაზე დაანონსებული შეხვედრა შს სამინისტროში დღეს დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. მას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან ერთად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ვერძეული ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით სუბელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის შინაარსი შემდგომი შეხვედრების ფორმატის და თემების განსაზღვრა იყო. „ჩვენ დეტალებში არ წავსულვართ“, – თქვა სუბელიანმა.
მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის ბექა წიქარიშვილის თქმით, ორივე ჯგუფი მათი მხრიდან, „წარმომადგენლობითი“ იქნება და ყველა ის პირი შევა, ვინც ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციებში მონაწილეობდა და „სიმართლისათვის იბრძოდა“.
წიქარიშვილის ინფორმაციითვე, სავარაუდოდ 15 მაისს, იმ ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელიც 12 მაისის სპეცოპერაციის ჩატარების საჭიროების დეტალებს განიხილავს. „წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო. ველოდებით კონკრეტულ თარიღს“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებს მან სპეცოპერაციის ჩატარების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საჩივრების სახალხო დამცველის ოფისისთვის წარდგენა შესთავაზა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი თითოეულ ამ საჩივარს შეისწავლის.
ლომჯარიამ აღნიშნა, რომ შსს-მ სპეცოპერაციის დროს გადაღებული ვიდეოკადრების მიწოდების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა. „გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველა კონკრეტული შემთხვევა“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, სამინისტრო მზად არის დეტალურად შეისწავლოს გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას 12 მაისის სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა.
შს მინისტრმა სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ოცი შემთხვევის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შედგომ სავაადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იყო ეს ნაბიჯი განეხორციელებინა“, – განაცხადა მინსიტრმა.
ჯერჯერობით უცნობია ის, თუ ნარკოპოლიტიკის შეცვლის კუთხით რა საკითხებს განიხილავს სამუშაო ჯგუფი.
შს მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს რამდენიმე ფორმატი აქვს შემუშავებული და მას მომდევნო შეხვედრაზე შეაჯერებენ.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის დავით სუბელიანის თქმით, „ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს აქვს ხედვა, რომ ის მოხმარების ნაწილში და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს. ის ამაზე იმ პირობით დაგველაპარაკება, რომ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ნარკორეალიზაცია დარჩება დასჯადი“.
მოძრაობის წევრები „დათმობაზე წასვლას“ არ აპირებენ და იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაწყებულმა „თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა”, ისინი საპროტესტო აქციებს კვლავ განაახლებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)