17 მაისს თბილისში ორი აქცია გაიმართება
საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობის მოწყობას გეგმავს, რომელიც ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის გადახდით დასრულდება.
ამის შესახებ, 15 მაისს საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს მსვლელობა „რაიმე აგრესიას“ არ უკავშირდება და მათ უბრალოდ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღნიშვნა სურთ.
დეკანოზმა ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას თხოვნით მიმართა, რომ ყოველგვარი აგრესიის ან პროვოკაციის მცდელობა „რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, სწრაფად იქნას აღკვეთილი“.
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ 17 მაისი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წლის წინ გამოცხადდა.
17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და მთავრობის კანცელარიასთან შეკრებას გეგმავს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც.
„17 მაისს, ჩვენ, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები“, – ნათქვამია არასამთავორბო ორგანიზაციების განცხადებაში.
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში ბოლო რადენიმე წელია აღინიშნება. გასულ წელს, ლგბტ აქტივისტები კანცელარიასთან შეიკრიბნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მათი მითითებით, დემონსტრაცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა.
მასშტაბური დაპირისპირება მოჰყვა 2013 წლის აქციას, როდესაც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული შეკრება იმის გამო ჩაიშალა, რომ ათასობით მართლმადიდებელი აქტივისტი და სასულიერო პირი რამდენიმე ათეულ ლგბტ აქტივისტს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)