აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური საქართველოს თავდაცვის პროგრამის გახსნას დაესწრო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური გენერალი კურტის სკაპაროტი 17-18 მაისს საქართველოს სტუმრობდა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გახსნას დაესწრო (GDRP). მასშტაბური სამხედრო წვრთნების პროგრამას ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს და ის საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოემსახურება.

ვაზიანში მდებარე საბრძოლო მომზადების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, სკაპაროტიმ აღნიშნა, რომ პროგრამა „ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, აშშ და საქართველო საერთო ვალდებულებას იზიარებენ“.

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნისა და სხვა ორმხრივი პროგრამები, საერთო პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული ურთიერთობების დემონსტირებაა“, – განაცხადა სკაპაროტიმ. მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვეს მიტჩელის სიტყვებიც მოიხმო და აღნიშნა, რომ „კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებზე საერთო შეხედულებების გათვალისწინებით, იდეების სამყაროში საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორი ქვეყანაა“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, სიტყვით გამოსვლისას, პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეს იქნება „საქართველოს გრძელვადიანი განვითარების ის მყარი საფუძველი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს, მოქალაქეებს მეტი დაცულობის შეგრძნებას შესძენს და საფრთხეებთან გამკლავების ეფექტიან მექანიზმს შექმნის“.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. სამხედრო სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა, ფაქტობრივად, ახალ ეტაპზე გადადის. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მყარდება“, – განაცხადა მინისტრმა იზორიამ. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება და გაიწვრთნება ცხრა ქვეითი ბატალიონი.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალი სკაპაროტი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. მათ საქართველო-ნატოს თანამშრომლობისა და 11-12 ივლისის ნატოს ბრიუსელის სამიტის შესახებაც ისაუბრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)