ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ მოსმენა დაასრულა
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 23 მაისს საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა. სხდომა თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყო და სამ საათს გაგრძელდა.
სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბუგის სასამართლოს დიდი პალატის 17 მოსამართლე, მათ შორის ერთი ქართველი და ერთი რუსი მოსამართლე განიხილავდა. სხდომას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობდა.
მოსმენაზე სიტყვით პირველი ქართული მხარის ბრიტანელი ადვოკატი ბენ ემერსონი გამოვიდა და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დარღვევის შესახებ ისაუბრა.
ემერსონმა სასამართლოს საქართველოს მოქალაქეების წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის, მკვლელობებისა და ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი ფაქტები წარუდგინა, რაშიც მან რუსეთი და მის კონტროლქვეშ მოქმედი ადგილობრივი შეიარაღებული ფორმირებები დაადანაშაულა.
ემერსონმა მოსამართლეებს განუცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლები ეთნიკური ქართველებისგან დაცალეს, მათი „საცხოვრებელი სახლები და მთლიანად სოფლები კი, მიწასთან გაასწორეს“. მან ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ქართველების ეთნიკურ წმენდას „სამხედრო დანაშაული“ უწოდა.
ბენ ემერსონის შემდეგ ტრიბუნა რუსეთის მხარის ადვოკატებს დაეთმოთ. მათ საქართველოს მხრიდან სასამართლოსთვის წარდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს ყალბი, ფალსიფიცირებული და გამოგონილი უწოდეს. მათვე საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ წაყენებული ყველა ბრალი უარყვეს.
რუსული მხარის განმარტებით, ქართული მხარე „მძინარე ქალაქს [ცხინვალს]“ თავს „ბარბაროსულად“ დაესხა და შემდეგ, საკუთარ მოკავშრეებთან ერთად, აქტიური „პროპაგანდისტული კამპანიით“ ყველაფერი გააკეთა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის წამოწყება რუსეთისთვის დაებრალებინა.
მათი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთი მხოლოდ სამშვიდობო მისიას ასრულებდა და ის ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს შეტაკება თავიდან აეცილებინა. თუმცა, საბოლოოდ, საკუთარი მშვიდობისმყოფელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად, რუსეთი იძლებული გახდა, რომ „ქართული სამხედროების აგრესიისთვის ეპასუხა“.
მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის გვიდო რაიმონდის განმარტებით, საქმეზე საბოლოო ვერდიქტი მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების ზუსტი თარიღის შესახებ ეცნობებათ.
სასამართლო მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ განმარტა, რომ ეს იყო „უკომპრომისო ბრძოლა“ სამართლიანობისა და სამართლისათვის. მისი თქმით, ამ საქმეს მნიშვნელობა ექნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ „ევროპის ფარგლებში, სხვა კონფლიქტებისთვის“. მისივე თქმით, „რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა“.
პრეისტორია
საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განაცხადებით რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, ხოლო სრული განაცხადი თანდართული მასალებითა და 700-მდე მტკიცებულებებით 2009 წლის 6 თებერვალს წარუდგინა.
ევროპის სასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი საჩივარი დასაშვებად 2011 წლის დეკემბერში ცნო და ის განსახილველად 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას გადასცა.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება: სიცოცხლის უფლებას, წამებას და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას, საკუთრების დაცვის უფლებას, განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სულ 33 მოწმეს მოუსმინა, რომელთაგანაც 16 საქართველოს მთავრობის, 11 რუსეთის ფედერაციის მთავრობის, ხოლო ექვსი მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო გამოძახებული.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი. ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო, როდესაც ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და რუსეთიდან კოლექტიური გაძევება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)