პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
საქრთველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, 24 მაისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა 2018 წლის პირველ კვარტალში, ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში „პოზიტიური“ დინამიკის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს, რომ ისინი ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, თემის „პოლიტიზების გარეშე“ შეასრულებენ.
„გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეთანხმებას კეთილსინდისიერად, თემის პოლიტიზების გარეშე შეასრულებს, რაც რეგიონულ სავაჭრო სივრცეში სათანადო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ „იდენტურ შეთანხმებას საქართველომ ხელი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მოაწერა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაცია შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას კეთილსინდისიერად, საკითხის პოლიტიზების გარეშე შეასრულებს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინიტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, „მიუხედავად იმისა, რომ პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი ოკუპირებული რეგიონების თემების განხილვას არ ითვალისწინებს“, შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ აბაშიძემ ცხინვალსა და აფხაზეთში არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობზე მაინც ისაუბრა.
აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაისაჯონ დამნაშევეები“ და, ამ თვალსაზრისით, „ქართული მხარისგან რაიმე კომპრომისის ილუზია“, არავის უნდა ჰქონდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გრიგორი კარასინმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ეს ნამდვილი ტრაგედია იყო“. მან ხაზი გაუსვა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი შემთხვევების გამეორება თავიდან ავიცილოთ და ჩვენ ამისთვის ყველა ღონეს ვიხმართ, მაგრამ მსგავსი საკითხები საქართველოსა და სახმრეთ ოსეთს შორის პირდაპირი დიალოგის ფორმატში უნდა განიხილებოდეს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველო-ნატოს ურთიერთობები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. კარასინმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში უცხო ძალების მხრიდან შეიარაღების გაძლიერება „რუსეთზე პირდაპირი მუქარაა“.
„საქართველოს პარტნიორები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში არ მალავენ“, რომ მის შეიარაღებას სწორედ „რუსეთის შესაკავებლად“ აძლიერებენ. „ამ ვითარებაში რუსულ მხარეს აქვს სრული უფლება, მიიღოს ადეკვატური ზომები საკუთარი და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)