საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველო დამოუკიდებლობის დღესა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს.
საქართველომ დამოუკიდებლობა ზუსტად ასი წლი წინ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს 20-მდე მაღალი რანგის დელეგაცია და ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ესტონეთის, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები სტუმრობენ.
სტუმრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის მუშაობაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“.
მოგვიანებით ისინი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ზუსტად 100 წლის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადების ინსცენირებასაც დაესწრებიან.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე საქართველოს საელჩოებში საზეიმო ღონისძიებები და მიღებები გაიმართა. ღონისძიება გაიმართა აშშ-ში მშვიდობის ინსტიტუტში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილე აღნიშნეს გაეროს ოფისშიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)